სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალმხრივი პრობლემა იკვეთება, რომელიც ერთიან სურათში დანახვას საჭიროებს.
„ჩატარდა მისის უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი, სამედიცინო ექსპერტების ჯგუფთან ერთად, ბოლოს 23 ნოემბერს იყო მისული ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად. დღეს კი ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესწავლაში ნევროლოგთან ერთად ფსიქიატრიც ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს მართლაც ესაჭიროება მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული დახმარება.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, იგი ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, შემდეგ კი - გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მან 50 დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველმა სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა რომ:
„ რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს, რის მიხედვითაც იქნება გათვალისწინებული შემდგომი რეკომენდაციები და ნაბიჯები.