Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი „სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის შესაძლებლობაზე: „ახლავე მოგიყვებით ყველაფერს"


"სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის შესაძლებლობაზე მედიის კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: "ახლავე მოგიყვებით ყველაფერს". მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან პასუხის მიღებას მის სახლთან ცდილობდნენ. საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე აქვს განმარტებული, რომ ის ქუჩაში დასმულ შეკითხვას არ პასუხობს.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილს ინიციატივას, რომლის შესახებაც მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე ისაუბრა 10 დეკემბერს და რომელსაც საქართველოს ორი ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას წერილობითი მიმართვით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სააკაშვილის თანახმად, დიალოგის დასაწყებად „საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ასეთ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არ აქვს ილუზია, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მას გაათავისუფლებენ, ამიტომ შეხვედრის ადგილად გორის სამხედრო ჰოსპიტალს მოიაზრებს.

„როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას“,- წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ განცხადების კომენტირებისას ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა დასახა კონკრეტული ტაქტიკა, რაც არსებული ვითარებაში ადეკვატური ნაბიჯია.

სააკაშვილმა კონკრეტული ტაქტიკა დასახა, როდესაც თქვა, რომ დავგეგმოთ იმ მოდელით, როგორც მანამდე მარგველაშვილმა თქვა, სამი პრეზიდენტის შეხვედრა. რატომ არის ეს ამ ვითარებისთვის ადეკვატური - შენ ბუნებრივად აკეთებ უკვე წონის აწევას ამ პროცესისა და შეიძლება თუ გუშინ გაკრიტიკებდნენ მარტო, როგორც მოქმედ მეხუთე პრეზიდენტს, გაკრიტიკებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, დღეს, როდესაც იგივე პოზიციაზე ხართ მეოთხე, მესამე, მეხუთე [პრეზიდენტები] შენი პოლიტიკური წონა ბევრად იზრდება. მეორე მომენტი: შენ ქმნი მანამდე საქართველოში არარსებულ პრეცედენტს. ასეთი შეხვედრა არის, მარტივად რომ ვთქვათ, ზოგადად ყველა პოლიტიკური გემოვნების, სპექტრის მოცვა, რომლის შედეგადაც ამ შეხვედრაზე კონკრეტულ მუხლებს ან კანონპროექტს არ გაივლი, მაგრამ ძალიან კარგ პლატფორმას [ქმნი] და ეს არის პრეზიდენტის როლი, პოლიტიკურ პლატფორმას შექმნი შემდეგი საუბრისათვის. იმედი მაქვს ქალბატონი პრეზიდენტი ნაბიჯებს გადადგამს. პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის მიმართ, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს“, - "ქართული ოცნების" მხრიდან? ჰკითხეს მას. "დიახ“, - უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, „სამი პრეზიდენტის“ შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, თუ ამის მზაობა ექნება სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრას დაასწრებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG