Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დაკრულზე უნდა ხელისუფლებას, რომ ვიცეკვოთ? - კლუბები დალუქეს


კლუბი ბასიანი, 2018 წლის 3 ივნისი
კლუბი ბასიანი, 2018 წლის 3 ივნისი

თითქმის ორი წლის განმავლობაში დაკეტილი ღამის კლუბები ამბობენ, რომ ხელისუფლება  მათ მიზანმიმართულად ანადგურებს, საბაბად კი პანდემიას იყენებს. 24 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ დალუქა კლუბები "ხიდი", "მონოპოლი" და "მტკვარი", იგეგმება "ბასიანის" დახურვაც, სადაც ხალხია შეკრებილი.

პარალელურად მთავრობა, რომელიც კლუბებს მუშაობის უფლებას თითქმის ორი წელია არ აძლევს, თბილისსა და რეგიონებში საახალწლო კონცერტებს მართავს. საქართველოში ღიაა ყველაფერი - სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, რესტორნები, სასტუმროები. მუშაობის უფლება არ აქვთ მხოლოდ ღამის კლუბებს.

ღამის კლუბების მფლობელები და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზატორები შეთანხმებული იყვნენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, ისინი გახსნიდნენ კარებს ღონისძიებებისთვის და იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანს სახელმწიფო დააჯარიმებდა ან დალუქავდა, ყველა ერთად მოაწყობდა პროტესტს. შრომის ინსპექციას 10 000 ლარით უკვე დაჯარიმებული ჰყავს კლუბი "ხიდი", იმ კლუბებმა კი, სადაც 17 დეკემბერს ჩატარდა ღონისძიებები, გამაფრთხილებელი ოქმები მიიღეს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, შესაძლებელია კლუბების მეპატრონეებს და ღონისძიებების ორგანიზატორებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

“ახლა ფიზიკურად არის გადასარჩენი ეს სივრცეები და თავისუფლების აღკვეთადაც რომ დამიჯდეს, მზად ვარ წავიდე ციხეში, ვიდრე უსამართლობას შევეგუო", - თქვა "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ინსპექციამ კლუბების დალუქვა დაიწყო.

კლუბების ხელმძღვანელები დალუქვამდეც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება კარს მიღმა, შეხვედრებზე მათ აშანტაჟებს და ემუქრება. ასევე აფრთხილებს, რომ მათ აქციებს პანდემიის პირობებში საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.

“ერთადერთი, რასაც ისინი გვთავაზობენ, არის ულტიმატუმი და ულტიმატუმს მოლაპარაკება არ ჰქვია… ძალიან ბევრი კონკრეტული კითხვა დავსვით მე და სხვებმაც. მაგალითად, სად იყო რეგულაციები, როცა 200 000 ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე? ამაზე პასუხი არ მიგვიღია”, - ამბობს ნატა ბეშიძე, ფესტივალ "როკვას" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ფესტივალმა 2021 წლის ზაფხულში ყველაზე უხეში გათვლებით, 250 000 ლარის ზარალი ნახა იმის გამო, რომ დაწყებამდე ორი დღით ადრე, 12 აგვისტოს, ხელისუფლებამ ხალხმრავალი ღონისძიებები აკრძალა.

“როკვა” რაჭაში 14-15 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. ამ ამბის შემდეგ გუნდმა 18 დეკემბერს შვედი მომღერლის, ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი დაგეგმა, რომელიც ქართველ მუსიკოსებს უნდა გაეგრძელებინათ. ღონისძიება ჯამში 10-საათიანი უნდა ყოფილიყო და ამ დროის განმავლობაში 1000-ზე მეტ სტუმარს ელოდნენ.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციასთან შეხვედრაზე წამოყენებული ულტიმატუმის გამო, გუნდი იძულებული გახდა ყველა ღონისძიება გაეუქმებინა. ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი დარჩა. ათასი ადამიანის მაგივრად, სულ 400-მდე ადამიანი მივიდა. ამ კონცერტზე ქართველ არტისტებს არც დაკვრის საშუალება მიეცათ და ვერც ჰონორარი მიიღეს. “როკვას” გუნდმაც იმაზე ბევრად ნაკლები შემოსავალი ნახა ამ დღეს, ვიდრე ელოდა.

17-18 დეკემბერს ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შრომის ინსპექციამ წერილობით გააფრთხილა სექტორი, რომ გახსნისთვის უნდა მომზადებულიყვნენ, ვინაიდან საკოორდინაციო საბჭო მათი გახსნის გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებდა.

ღამის ინდუსტრიის წარმომადგენლები ასაჯაროებენ წერილს, რომელიც მათ შრომის ინსპექციისგან მიიღეს
ღამის ინდუსტრიის წარმომადგენლები ასაჯაროებენ წერილს, რომელიც მათ შრომის ინსპექციისგან მიიღეს

“როცა გვითხრეს, რომ მოვმზადებულიყავით ივენთისთვის, ჩამოვიყვანეთ უცხოელი არტისტი და ახლა გვედავებიან, რატომ გავიგეთ განცხადება “მზადება დაიწყეთ ივენთისთვის” პირდაპირ და რატომ დავგეგმეთ ღონისძიება. ივენთი ასე არ ტარდება, მიხვედი, ხელი მიაჭირე და დაიწყება: მომზადება ჭირდება ნებისმიერ ღონისძიებას. პრობლემა ისაა, რომ ივენთი გულისხმობს წინასწარ ყველა დანახარჯის გაწევასაც და ერთი საათით ადრე გაუქმება ამ დანახარჯებს არ აუქმებს”, - ამბობს ნატა.

ის თვლის, რომ ხელისუფლება დემაგოგობს, როდესაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ორი წლის განმავლობაში პროცესებს არათანმიმდევრულად და ქაოტურად მართავს.

ხელისუფლება არათუ საახალწლო კონცერტებს გეგმავს თბილისსა და რეგიონებში, საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს ანტივაქსერული მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის, რუსეთში მოღვაწე მომღერალ ირაკლი ფირცხალავას ჰონორარზე. “ფლანგვის დეტექტორის” ცნობით, ის ბათუმში საახალწლო კონცერტებზე იმღერებს და 14 000 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან.

“სრულიად სხვანაირი გართობის დრო დადგა, როგორც ჩანს. არაერთი ღონისძიება იმართება, დახურულ ფართებს აწყობენ ძალიან ბევრს და ამას ხელს აფარებენ. ჩვენ, ვინც ძალიან კეთილსინდისიერად ვიქცევით, ბოლომდე გვისრულებენ, უხეშად რომ ვთქვათ. საერთოდ არ ვართ მათთვის მისაღები ხალხი, კლუბები მაინც სულ წინააღმდეგობის მოძრაობებში ვართ და რაც უფრო მოსუსტებული ვიქნებით, მათთვის უკეთესია. თან კლუბებში მათ არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვთ და მე რასაც ვუყურებ, ამ ქვეყანაში მარტო ის იხარებს, ვინც მათ ფინანსურ ინტერესებზე არის მორგებული. არ არის კლუბები ის სფერო, სადაც ელექტორატი იკრიბება, სადაც კომპრომისებზე წამსვლელი ხალხი ვართ. არ ვართ მათთვის საინტერესოები და როცა ასეთი პოლიტიკური კურსი გვაქვს ქვეყანას აღებული, აღარც კლუბების არსებობის საჭიროება დგას. ლიტერატურულ პრემიას ურტყამენ, როცა მათთვის მოსაწონი მწერლები და პოეტები არ იღებენ მასში მონაწილეობას და რა გასაკვირია, რომ კლუბებს ერჩოდნენ”, - ამბობს ქეთა გაბუნია, კლუბ "მტკვარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გვიყვება, რომ 17 დეკემბერს, როცა დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გახსნეს კარი, მათთან მისული არაერთი ადამიანის გაბრუნება მოუხდათ უკან იმის გამო, რომ აუცრელი ადამიანები სხვისი მწვანე პასპორტებით ცდილობდნენ კლუბში შესვლას. "მტკვარის" კართან იმ ღამეს "მწვანე პასპორტს" პირადობის მოწმობასთან ერთად ამოწმებდნენ. აუცრელებს უკვირდათ, როგორ ვერ გაჭრა მათმა ხრიკმა კლუბის შესასვლელთან, როცა ამ გზით უპრობლემოდ შედიან რესტორნებში, კინოთეატრებსა და ყველა იმ ადგილას, სადაც "მწვანე პასპორტის" წარდგენის ვალდებულება არსებობს.

“სამწუხაროდ, პოპულიზმის გარდა ვერაფერს ვხედავ. როცა გელაპარაკებიან ვირუსის გავრცელების რისკებზე და პარალელურად თავად აქვთ დაგეგმილი საახალწლო კონცერტები და შეკრებები, ვერ ვიგებ რა ლოგიკაა. თვეებია ვამბობთ, რომ მზად ვართ ჩავატაროთ ღამეები [უსაფრთხოების] სრული დაცვით, უფრო მკაცრი კრიტერიუმებით, რაც ქვეყანას თვითონ აქვს დადგენილი. სამწუხაროდ, ვასკვნით, რომ არის მიზანმიმართული მოქმედება. შეიძლება იმიტომ, რომ მაინც არ წარმოვადგენთ მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ წარმოვადგენთ საზოგადოების ძალიან გამორჩეულ სოციუმს - ყველაზე აქტიურს, ყველაზე რეაქტიულს და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეგ იყოს, შეიძლება ასე გვსჯიან”, - ამბობს სოფო ებრალიძე, კლუბ "ხიდის" წარმომადგენელი. კლუბი 3 დეკემბერს “SOS ივენთით” გაიხსნა, როცა მიხვდნენ, რომ შრომის ინსპექციის დაპირებები იმის შესახებ, რომ მათ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავდნენ და მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არ შესრულდა.

კლუბი ხიდი დალუქვის მოლოდინში, 4 დეკემბერი
კლუბი ხიდი დალუქვის მოლოდინში, 4 დეკემბერი

გახსნას წინ უძღოდა ჯერ კიდევ ზაფხულში ჩატარებული კვლევები სატესტო ივენთებზე, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინირებული და ივენთამდე გატესტილი მოქალაქეების შეკრებისას ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალური იყო. სწორედ ასე, სხვა დაწესებულებებზე მკაცრი რეგულაციებით გახსნილი კლუბი გამთენიისას შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, მეორე დღეს კი დალუქა. შემდეგი ივენთი კლუბმა 17 დეკემბერს მაინც ჩაატარა. ამ დღეს "ხიდის" გარდა სხვაგანაც გაიმართა ღონისძიებები - "ბასიანს", "მტკვარს", "კაფე გალერის" და ყველა სხვა კლუბს, რომლებიც ამ ღამეს მუშაობდნენ, შრომის ინსპექციამ გამაფრთხილებელი ოქმები შეუდგინა. 18 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბების წარმომადგენლები დაიბარა და უთხრა, რომ გაეუქმებინათ იმ დღეს დაგეგმილი ყველა აქტივობა და ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილებოდა მათი საკითხი.

კლუბებმა მოთხოვნა შეასრულეს და ღონისძიებები გადადეს, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მათ გახსნაზე არც მომდევნო კვირაში უმსჯელია. ამის შემდეგ კლუბებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ ერთსულოვნად და მკაცრი რეგულაციებით კვლავ ჩაეტარებინათ ივენთები - ზოგს 24-25 დეკემბერს, ზოგს 31დეკემბერს და 1 იანვარს. საახალწლო პერიოდი, მათთვის ყველაზე შემოსავლიანი პერიოდი და ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხები კლუბებს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, მაგრამ გადარჩენის შესაძლებლობას აჩენს.

“ის დიდი ივენთები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი, მათ ჩაშლას არ ვგეგმავთ. ჩვენ 18-ში ჩავშალეთ ჩვენი ივენთები იმის მოლოდინში, რომ საბჭო განიხილავდა ჩვენ საკითხს, მაგრამ მერე პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, როგორ გვითხრეს კიდევ ერთხელ “არა”. ამის პარალელურად ვუყურებ როგორ ანონსდება კვების ფესტივალები, ორბელიანის მოედანზე ფესტივალები, ნაძვის ხის გახსნას ვუყურეთ, როგორი ხალხმრავლობა იყო, რეგიონებში საახალწლო კონცერტები დაიგეგმა. კი ამბობენ, რომ რეგულაციების დაცვით ჩატარდება, მაგრამ როგორ აპირებენ ამ რეგულაციების დაცვას, ძალიან საინტერესოა", - ამბობს ქეთა გაბუნია. ის არ იღებს არგუმენტს, რომ კლუბები “ევროპაშიც დაკეტილია” კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გამო.

“ევროპაში ასეა დღეს, მაგრამ სანამ დაიკეტებოდნენ, მათ ჰქონდათ მუშაობის საშუალება. ევროპაში კლუბებმა მიიღეს დახმარება გადასარჩენად და დღესაც მუშაობენ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომლითაც ისევ გაიხსნება. ჩვენთან ამ 22 თვის განმავლობაში ერთი წამით არ ვყოფილვართ დღის წესრიგში. ორჯერ დადგა ის მომენტი, როცა რაღაცნაირად მიგვიშვეს და გვითხრეს, რომ გვექნებოდა მუშაობის საშუალება. პირველად 2020 წლის ზაფხულში, როგორც ღია სივრცეებს შეგვეძლო გვემუშავა, მოვერგეთ იმ სტანდარტებს, რაც დაგვიწესეს, მაგრამ მერე დაგვიარეს და დაგვაჯარიმეს. ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით გახსნას და ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმში, მაგრამ ხელისუფლებისგან გადაგდების და მოტყუების გარდა, ვერაფერს ვიღებთ. გვიწელავენ დროს და ამ გაწელილ დროში ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს სახელმწიფო უწყებები. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს”, - ამბობს ქეთა გაბუნია. კლუბ "მტკვარს" თითქმის ორწლიანი დაკეტვისას მოუხდა საბანკო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რომლის შედეგადაც გადასახდელი თანხაც და ვალის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად გაეზარდა. ამას გარდა, ახლა დაგეგმილი ღონისძიებებისთვის თითქმის სრულად ახალი "სტაფის" აყვანამ მოუწია იმის გამო, რომ ბარმენები და სხვა პერსონალი, რომლებიც მათთან მუშაობდნენ, ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყნიდან წავიდნენ სამსახურის საძებნელად.

საქართველოში ერთადერთი ფულადი დახმარება, რომელიც საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თითქმის ორწლიანი პანდემიის დროს მიიღეს, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხაა - 1 703 979; მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ერთი შეხედვით სოლიდურად გამოიყურება, განაწილების შემდეგ ამ სფეროში დასაქმებულებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ლარი შეხვდათ - იმაზე გაცილებით ცოტა, რასაც თვის განმავლობაში ღია კლუბების პირობებში თავად გამოიმუშავებდნენ. ერთჯერადი დახმარების მიღმაც ბევრი დარჩა.

ქართული ელექტრონული მუსიკა და საკლუბო ინდუსტრია პანდემიამდე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო თანამედროვე ხელოვნების, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში. ქართული კლუბებს ავტორიტეტული გამოცემები ევროპული კლუბების გვერდით განიხილავდნენ, ქართულ ფესტივალებზე დასასწრებად მთელი რეგიონიდან ჩამოდიოდნენ მუსიკის მოყვარულები, ქართული სუფრისა და ტრადიციული კულტურის გარდა, გაჩნდა ახალი ნიშა, რომლითაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ქვეყანა. დღეს სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მათ მნიშვნელობას და მეტიც, საკლუბო ინდუსტრიას ხელოვნების და კულტურის ნაწილად არ განიხილავს.

“თვლიან, რომ ეს არის გართობა, გართობის ინდუსტრია და გვეუბნებიან, რომ გართობა აკრძალულია, ეს ჩვენთვის და მათთვისაც, ვისაც კლუბები მიაჩნიათ კულტურის ნაწილად, არის სიგნალი. ფინანსურად ჩვენ უკვე სრულიად განადგურებული ვართ, ახლა უნდათ, რომ სრულად გაგვანადგურონ. ამისთვის არავინ ვართ მზად, არ დავთმობთ ასე ადვილად ამდენი წლის ნაშენს”, - ამბობს სოფო ებრალიძე. მას იმედი აქვს, რომ თუკი საჭირო გახდება, კვლავ გაავსებენ რუსთაველის გამზირს მხარდამჭერებით და ამის თქმის საფუძველს სწორედ მხარდამჭერების განწყობები აძლევს. გარდა აქციებისა, განიხილავენ ასევე ერთობლივი ძალებით სამართლებრივი დავის წამოწყებას მიღებული ფინანსური და მორალური ზიანისთვის, რაც სახელმწიფომ მათ მიაყენა.

ქეთა გაბუნია თვლის, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველას, ვისაც მოკავშირედ არ მიიჩნევს, ანადგურებს, პროტესტის იდეის მარგინალიზაციასაც მიზანმიმართულად ეწევა.

“რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რომ ამათმა არ დასცინონ, აბუჩად არ აიგდონ. ევროპარლამენტარებს ეუბნებიან, შენ ვინ ხარო. შარლ მიშელი გადააგდეს და ჩვენი გადაგდება რატომ გაუჭირდებოდათ. თითქოს უნდათ დაგვარწმუნონ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს. ბოლო ორ წელში უფრო კარგად გამოაჩინეს თავისი სახე. ასე ღიად აწყვეტილი ადრე არ ქონდათ, არა მარტო ჩვენთან, ყველასთან. ეს თქვენ, მედიამაც კარგად იცით, ხედავთ, როგორ იქცევიან თქვენთანაც”, - ამბობს ქეთა.

კულტურის სამინისტრო საკლუბო სფეროს წარმომადგენელთა შესახებ არაფერს ამბობს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მზად არის შეხვდეს სფეროს წარმომადგენლებს, ესმის ის ზიანი, რაც მათ მიადგათ და შესაძლოა კვლავ გამონახოს გზები დახმარებისთვის მანამ, სანამ შეზღუდვები იარსებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG