Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა: "მას გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი"


სალომე ზურაბიშვილი, ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მელიამ თქვა, რომ ზურაბიშვილს რეალობის სწორი აღქმა აქვს და ეს დამტკიცდა მისი საჯარო გამოსვლის დროს.

"პროცესი, თავისთავად, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო მოლოდინები და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "სამოქალაქო თანხმობის" პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში...

პოლიტიკური მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს - ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება.

ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა, მან ამის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა - იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი... ვფიქრობ, მას გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული რეჟიმზე", - თქვა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მთავარი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მეორე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG