„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს აქცია და პარტიის გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე სავარაუდო ზეწოლის დროულად გამოძიება მოითხოვეს.
„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გუშინ, 27 დეკემბერს გავიდა და ამ დრომდე გამოძიებამ ვერ დაადგინა ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობა. ვიყავი პოლიციაში, მოვითხოვე ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და პასუხი ვერავინ გამცა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გარდაცვლილის დამ, ნაზი ფუტკარაძემ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას უკავშირებენ მასზე ზეწოლით და მოსყიდვის მცდელობით გამოწვეულ ნერვიულობას და მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.
ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე ნოემბერში გარდაიცვალა სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების შედეგად. თანაპარტიელის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას ყოფილი პოლიციელები ცდილობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის, დავით რიჟვაძის დავალებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში დღეს გამართულ აქციაზე პარტიის წევრმა, რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ ამ დრომდე პარტიის მხოლოდ ორი წევრია დაკითხული: „ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას, რადგან პოლიციაში ისევ თანამდებობაზე მუშაობს დავით რიჟვაძე, რომელმაც ნუგზარ ფუტკარაძეს ხალხი მიუგზავნა და გადაბირება სცადა. ახლა კი ეს ფაქტი თავად უნდა გამოიძიოს?!“
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.
დღევანდელი მოცემულობით, ბათუმის საკრებულოში 34 წევრია და მათგან 17 ოპოზიციური პარტიებიდან, რადგან ნუგზარ ფუტკარაძე მაჟორიტარული სისტემით იყო არჩეული და შესაბამისად, საკრებულოს 35-ე წევრის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ახალი მოწვევის საკრებულო თითქმის ერთი თვეა ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სულ მცირე 18 ხმა არცერთ მხარეს არ აქვს.
დაწერეთ კომენტარი