Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ჩალაძე ესკორტის კადრებს ავრცელებს


„გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის" ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის ციხეში. ის „ფეისბუკის" პირად გვერდზე ავრცელებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან გადაღებულ ვიდეოს, რომელიც ასახავს ციხეში ესკორტის შესვლას.

მიხეილ სააკაშვილის, სავარაუდოდ, რუსთავში გადაყვანა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

რუსთავის ციხესთან მივიდა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელიც ცდილობს ციხეში შესვლას.

ნიკა გვარამიამ დაახლოებით ერთი საათის წინ „ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.

რუსთავის ციხესთან იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

ბოლოს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი. „როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი. თავად პაციენტი რასაც ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამ დროისთვის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ექიმ ნევროლოგთან კონსულტაციას", - თქვა ბრაჭველმა.

27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG