Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჩხაიძე "ომიკრონზე": შემთხვევები იქნება ყველაზე მეტი პანდემიის განმავლობაში


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, რომელიც ამავდროულად არის იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ამბობს, რომ "ომიკრონის" შტამის გავრცელების გამო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში გამოვლენილ შემთხვევებს გადაასწრებს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს განაცხადა.

"შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს... ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გააჩერებს "ომიკრონს", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში დადასტურებული "ომიკრონის" შტამით ინფიცირების 600 შემთხვევა. მისი თქმით, ეს რიცხვი გაიზრდება.

"ლაბორატორიულად გვაქვს 600 შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში. ანუ დიდი ალბათობით მოიმატებს ["ომიკრონის" შემთხვევები"] დღეს და ხვალ. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო დადასტურებული შემთხვევების 10 პროცენტი არის "ომიკრონი", - თქვა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ 600 დადასტურებული შემთხვევიდან კლინიკაში მხოლოდ 8 პაციენტი მოხვდა.

გასულ 24 საათში ჩატარებული 34 000 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3842 შემთხვევა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 959 874 შემთხვევა. მათგან 912 443 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 187 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG