Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 იანვრისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 13 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1009 შემთხვევა. დღემდე ლაბორატორიული კვლევით გამოვლენილი იყო 951.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში "ომიკრონ" შტამის "ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში, არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში.“ თბილისში ეს მაჩვენებელი 60%-ია, ხოლო რეგიონებში - 30%.

საქართველოში ბოლო სამი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.

ამირან გამყრელიძის თანახმად, „ომიკრონით“ ინფიცირებულებში დაავადება „დელტასთან“ შედარებით, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს: „მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ, რომ პროგნოზირების ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. ანუ, სადღაც შეიძლება დღიურად გვქონდეს 15 ათასამდე შემთხვევის დატვირთვა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხენტრის დირექტორის თანახმად, ძირითადი დატვირთვა იქნება ამბულატორიულ სექტორზე და დიდი ალბათობით, "დელტასთან" შედარებით, შემცირდება ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG