Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთის მიმართ პრევენციული სანქციების იდეას არ იზიარებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 იანვარს


ბლინკენი უარყოფს მოწოდებებს, რუსეთს უკრაინის გამო პრევენციულად დაუწესდეს სანქციები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ პრევენციული სანქციების იდეას არ იზიარებს. მან თქვა, რომ ამგვარი ნაბიჯი ძირს გამოუთხრიდა დასავლეთის შესაძლებლობას მოსკოვი შეაკავოს უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისგან. ევროპასა და აშშ-ს სანქციების დაწესების პროცესში წინდახედულობისკენ მოუწოდებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც.

უკრაინა რუსეთის მხრიდან აგრესიის მოლოდინშია. იმასვე ელის დასავლეთიც. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს დასავლეთმა რუსეთს ახლა დაუწესოს სანქციები - ის თვლის, რომ ძლიერი სადამსჯელო ზომები რუსეთის პოტენციური თავდასხმის შემდეგ უკრაინას უკვე აღარ წაადგება.

ომის მოლოდინში კი მოსკოვი დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ სადაზვერვო ინფორმაციას პასუხობს. საქმე ეხება სცენარს, რომლის მიხედვითაც მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების სათავეში რუსეთისთვის ლოიალური პირების მოყვანას შეეცდება. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყებამ „პროვოკაციული“ უწოდა.

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები, ანგლოსაქსების მეთაურობით, ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და შეისწავლოს თათარ-მონღოლების ბატონობის (татаро-монгольское иго) ისტორია“, - ТАСС-ს მოჰყავს რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებული კომენტარი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!" - აქციაზე უკრაინის საელჩომ მადლიერება გამოხატა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, საჯარო პირები.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, აქციაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში დღეს მნიშვნელოვანია თითოეული უკრაინელის, თითოეული ქართველის, უკრაინის თითოეული მხარდამჭერის ხმა. ძვირფასო ქართველებო, უკრაინა განსაკუთრებით მადლიერია ქართველი ხალხის, თქვენი სოლიდარობისთვის. დღეს თქვენი მოსვლა და ყოფნა აქ [უკრაინის საელჩოსთან] დემონსტრირებაა ქართველი ხალხის შეუქცევადი ერთგულებისა უკრაინელი ხალხის მისამართით... საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!“ - აღნიშნა კასიანოვმა.

გუშინ უკრაინას ტვიტერზე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა. „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“,- წერს ქვეყნის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე.

წაიკითხე მეტი.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 24 იანვარს, 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, სავარაუდოდ, პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაივლის.

დღევანდელი სასამართლო პროცესი ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას. ამ საქმეზე განხილვას ექსპრეზიდენტი პირველად გასული წლის ნოემბერში დაესწრო და საზოგადოებას ვრცელი სიტყვითაც მიმართა.

7 ნოემბრის საქმის გარდა, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

თანამდებობიდან გადადგა სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი

23 იანვარს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, და ამ, დიდწილად ცერემონიული პოსტის დატოვების მიზეზად დაასახელა სომხეთის შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისთვის ინსტრუმენტების ნაკლებობა მოცემულ რთულ პერიოდში.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სარქისიანი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის "ემოციური" და ის "გარკვეულ ლოგიკას" ეფუძნება.

"ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აქტიური მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს აბსოლუტურად არ არის ემოციური გადაწყვეტილება და ის გარკვეულ ლოგიკაზეა დაფუძნებული", - წერს სარქისიანი.

ის აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ბერკეტები გავლენის მოსახდენად შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის".

წაიკითხე მეტი.

სიღარიბის დინამიკა: სად და როდის იზრდებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად სიღარიბე თვალსაჩინო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც მოსახლეობის 46%-ს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.

თუ 2020 წლის დეკემბერში სოციალურ შემწეობას 524 598 ადამიანი იღებდა, 2021 წლის დეკემბერში მათმა რიცხვმა, ვისაც სიღატაკეში თავის გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარება დასჭირდა, 631 092 შეადგინა - ეს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 17,2%-ია.

ბიუჯეტიდან სოციალურ შემწეობაზე გამოყოფილი თანხების რაოდენობა ცვლადია, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას. 2021 წლის პირველ თვეებში სოციალურ შემწეობაზე დაახლოებით 30 მილიონი იხარჯებოდა, წლის ბოლოს ეს თანხა 45 მილიონამდე გაიზარდა. 15 მილიონია სხვაობა 2020-ისა და 2013 წლების საარსებო შემწეობის ბიუჯეტებს შორსაც.

გასულ წელს დაახლოებით იმდენად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, როგორც მანამდე 7 წლის განმავლობაში იზრდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო შემწეობის მიმღებთა მაღალ რაოდენობას პანდემიის გამო ქულების გადამოწმების პროცესის დაპაუზებით ხსნიან. სოციალურად დაუცველთა ქულების გადახედვა 2022 წლის 1 აპრილამდეა შეჩერებული.

წაიკითხე და ნახე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ჰიპ-ჰოპის „ახალი სკოლა", ახალი სათქმელით. თბილისის სხვადასხვა უბანში მიმოფანტული ახალგაზრდა მუსიკოსები: VROMJ, NIKITA, Aprilee, N ice. რაზე ფიქრობენ, რა აწუხებთ, რაზე რეპავენ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG