Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ ნატოს მიერ აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნა მუქარის ენით ლაპარაკია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო

რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების გაგზავნა იმის დასტურია, რომ ნატო მუქარის ენასა და სამხედრო ზეწოლას იყენებს. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ.

„ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: ‘თუკი ხელში ჩაქუჩი გიჭირავს, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია’. ნატოს ენა - მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა. აქ არაფერია ახალი“, - უთხრა გრუშკომ „ინტერფაქსს“ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით ჯარებს გზავნის.

„უკრაინის გარშემო ვითარების გაჯანსაღებაში ნატოს საუკეთესო წვლილი იქნებოდა ‘პარტნიორისათვის’ მოწოდება, სრულად შეასრულოს მინსკის ზომათა კომპლექსი, და კიევის მიმართ დახმარების პროგრამის ძირეული გადახედვა, რაც ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ უმყარებს საკუთარი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შეგნებას და შობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო გადაწყვეტის თაობაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

24 იანვარს ნატომ განაცხადა, რომ ჯარები სამხედრო მზადყოფნაში მოჰყავს და დამატებით გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც ნატო იტყობინება, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ალიანსის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა განცხადება არსებული კონტინგენტისა და მისი შევსების თაობაზე.

ნატოს ეს გადაწყვეტილება პასუხია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრაზე. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. რუსეთი უარყოფს ამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG