Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მისდის თბილისის მოსახლეობას იანვარში დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი


თბილისის მოსახლეობა 2022 წლის იანვარში დასუფთავების გადასახადის ორ ქვითარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად თბილისის მერიამ გაავრცელა.

მერია განმარტავს, რომ პირველ ქვითარში ასახული იქნება წინა თვის, 2021 წლის დეკემბრის დავალიანება, მეორეში კი - 2022 წლის იანვრის. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ორ ქვითარს მოსახლეობა ერთჯერადად მიიღებს და მიზეზი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია "თელასი" ვალდებულია მოსახლეობის დავალიანების შესახებ ინფორმაცია ყოველი თვის ბოლო დღეებში აღრიცხოს. დედაქალაქში დასუფთავების ამოღების საკითხში კი "თბილსერვის ჯგუფი" "თელასთან" თანამშრომლობს და მოსახლეობა ერთიან ქვითარს იღებს.

"სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს", - აღნიშნავენ მერიაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2022 წლის იანვრიდან დასუფთავების გადასახადი გაიზარდა მხოლოდ იურიდიული პირებისთვის.

"განვმარტავთ, რომ იანვრის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დეკემბერ-იანვრის დავალიანება ეტაპობრივად, თებერვლის ბოლომდე დაფარონ", - აღნიშნავს მერია.

მოსახლეობამ ორი ქვითარი მიიღო 2021 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის დავალიანების შესახებ. მიზეზი მაშინაც მონაცემების აღრიცხვის სისტემის ცვლილება იყო. როგორც წესი, განახლებული ტარიფი, რომელსაც სემეკი ამტკიცებს ხოლმე, ყოველი წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG