Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში შესული და პარლამენტიდან გამსვლელი დეპუტატები - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 თებერვალს


საპარლამენტო მიმატება-გამოკლება

დაახლოებით ნახევარწლიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება და საკუთარი სტრატეგიით იწყებს მუშაობას. თუმცა პარლამენტში შესაძლოა მაინც დარჩეს ცარიელი სკამები, თუ სამ დეპუტატს: ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს მანდატებს შეუწყვეტენ.

ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს 12 იანვრის ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.

მანდატების შეწყვეტის საკითხი 31 იანვარს ვერ განიხილა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და ოფიციალურ მიზეზად დეპუტატების კოვიდინფიცირების გამო კვორუმის ვერშეკრება დასახელდა. ეს პროცესი უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

თუკი პარლამენტი ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატებს გაუუქმებს, მათ ადგილს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერავინ დაიკავებს, რადგან პარტიებს გაუქმებული აქვთ პარტიული სიები.

გარდა ამისა, თუ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, მისი შვიდკაციანი ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება (მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციაში სულ ცოტა 7 დეპუტატი უნდა შედიოდეს).

„[თუკი მანდატს გააუქმებენ], ჩემთვის ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყება“, - ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით.

რამდენი დეპუტატით განაგრძობს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას? რას აპირებს ენმ? როგორ დასრულდება საპარლამენტო მიმატება-გამოკლება? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა მოხდა ტყიბულის შახტში?

1 დაღუპული და 8 დაშავებული მეშახტე - ტყიბულის მინდელის შახტში უბედური შემთხვევა 30 იანვარს, ღამით მოხდა. ერთ-ერთმა მემანქანემ, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობდა, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ძლიერი აფეთქების ხმა დაახლოებით 23:00 საათზე გაისმა.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა გვითხრა, ცხრავე მეშახტე, წესით, უსაფრთხო ადგილას უნდა ყოფილიყო.

პირველადი დათვალიერებით შრომის ინსპექციამ დაადგინა, რომ ტყიბულის შახტში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებზე მაღალი იყო, რაც უსაფრთხოების ზომების დარღვევაა და კანონით ასეთ დროს ბურღვა-აფეთქება აკრძალულია. გარდა ამისა დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტიც - აფეთქების სამუშაოებს უშუალო ხელმძღვანელი უნდა ესწრებოდეს, რომელიც იმ დროს იქ არ იყო.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა გაგა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შახტი 4 ცვლაში მუშაობდა. პროცესი ზედაპირიდან კონტროლდებოდა მონიტორინგის სამსახურის მიერ: თუკი სადმე იყო გაზი, მეთანი, აფიქსირებს კომპიუტერი და არ უნდა მისცენ აფეთქების უფლება“. ისაკაძე გამორიცხავს, რომ შეცდომა მეშახტეებმა დაუშვეს: მათ მოამზადეს ასაფეთქებლად უბანი, დატოვეს და წავიდნენ წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე, სადაც არაფერი უნდა მომხდარიყო“.

ახლა ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი შეჩერებულია. რას ამბობენ მმართველ კომპანიაში და ვინ დაუშვა შეცდომა? წაიკითხე ვრცლად თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

უკრაინის საკითხზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ და რუსეთი ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით შეკრებილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ისა და რუსეთის ელჩები ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ. რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ამ შეხვედრას საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა და ამერიკის შეერთებული შტატები ისტერიაში დაადანაშაულა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა კი მას მიუგო: „წარმოიდგინეთ როგორ იგრძნობდით თავს, თქვენს საზღვარს 100 ათასი ჯარისკაცი რომ მოადგეს“.

მანამდე რუსეთი შეეცადა დაებლოკა 15-წევრიანი საბჭოს სხდომა, რომლის გამართვაც აშშ-მა ითხოვა, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური მობილიზაციის განხილვის მიზნით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში

დღეიდან თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა იწყებს მოქმედებას. მგზავრობის საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ინტენსივობაზე იქნება დამოკიდებული და რამდენიმე ტარიფი ამოქმედდება.

  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი - 250 ლარი.

იმ სოციალური ჯგუფებისთვის (პენსიონერები, სტუდენტები, მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და ა.შ.), რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.

1 თებერვლიდან თბილისში ასევე აღარ ივლის ე.წ. ყვითელი მარშრუტკები. მათ "ლურჯი მიკროავტობუსები" შეცვლის. ახალი ტრანსპორტი განახლებულ ხაზებზე ივლის, ნაწილი იმავე გზას გაივლის.

ამ თემაზე ნახე:

თბილისში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი

საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი. ამის თაობაზე პოლიტიკოსმა ფეისბუკის პირად გვერდზე განთავსებულ ვიდეოში განაცხადა.

„კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი. აქტივისტებთან შესახვედრად, მაქვს მოსაწვევი. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან კიევში მიკეთებენ დეპორტაციას. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემიშვან ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს საფასური, პარასკევის ფრენის ფასი, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ლუბოვ სობოლიც გააბრუნეს აქედან. საკვირველი ამბები ხდება საქართველოში, მეგობრებო“, - ამბობს გუდკოვი ვიდეომიმართვაში.

შსს-სგან მოწოდებული წერილობითი კომენტარის თანახმად, დმიტრი გუტკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად.

ეს მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს განმარტავს. “ი” ქვეპუნქტში დაკონკრეტებული არ არის უარის თქმის საფუძვლები და “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” მოიცავს.

შესაბამისად, კვლავ ბუნდოვანია დმიტრი გუდკოვისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის კონკრეტული მიზეზი.

წაიკითხე და ნახე მეტი.

NeoCov - რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ახალი კორონავირუსის... ჯერჯერობით

უჰანელი მეცნიერები კორონავირუსის ახალი ტიპის NeoCov-ის აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან. გამოკვლევის წინასწარი მონაცემები მათ 25 იანვარს ატვირთეს თავისუფალ სამეცნიერო სერვერზე BioRxiv, რომელიც Cold Spring Harbor-ის ლაბორატორიის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ჩინელი მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, ამ ეტაპზე, ღამურებში ცირკულირებს, გავრცელებისა და ლეტალობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, NeoCov-ს მხოლოდ ერთი მუტაციაღა აშორებს ადამიანებისთვის საფრთხის შექმნასთან.

უჰანელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ NeoCov-ში გაერთიანებულია როგორც Sars.Cov-2-ის ანუ COVID19-ის გამომწვევი დაავადების, ისე MERS-ის ანუ შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომისთვის დამახასიათებელი თვისებები. MERS-ი პირველად 2012 წელს, საუდის არაბეთში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ვირუსმა ინფიცირებულთა 35% შეიწირა.

„წარმოადგენს თუ არა NeoCov-ი ადამიანებისთვის საფრთხეს, ამას შემდგომი კვლევა სჭირდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, უწყება „მჭიდროდ თანამშრომლობს“ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE), საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და გაეროს გარემოს პროგრამასთან (UNEP), რათა „მონიტორინგი გაეწიოს და პასუხი გაეცეს მოსალოდნელი ზოონოზური ვირუსის საფრთხეს“. არსებობს თუ არა ღელვის საფუძველი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თოზუ გულმამედლი ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში ეთნიკური უმცირესობებისთვის იბრძვის, აზერბაიჯანულ თემში კი - ქალთა უფლებების დასაცავად.

უსამართლობის მიმართ წინააღმდეგობა ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა ჩაგვრას სახელი მოგვიანებით დაარქვა - როცა 1+4 პროგრამის წყალობით თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG