Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება თბილისში ტრანზიტული ვიზიტისას - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 თებერვალს


რა გზავნილებით შეჩერდა ანჟეი დუდა წუხელ თბილისში

პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ტრანზიტული რეისი თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით გაგრძელდა და აეროპორტშივე, ორი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებით დასრულდა. პრეზიდენტებმა უკრაინის შესახებ გააკეთეს განცხადებები.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. მისი შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციულია, რასაც დასავლეთი მოლაპარაკებების მცდელობებით პასუხობს, თუმცა დეესკალაცია ორივე მხარის მზადყოფნას მოითხოვს.

„ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს გაუზიაროს ის ინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირს ამ ეტაპზე აქვს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრობას და გაიხსენა 2008 წლის ომის დროს პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ვიზიტი საქართველოში.

„მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მინდა გაგაცნოთ ის ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირს აქვს უკრაინაში და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად მუშაობენ ამ საკითხზე.

საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი კონსულტაციები და მეტი ძალისხმევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჟეი დუდა პეკინისკენ გზად რამდენიმე საათით შეჩერდა თბილისში. თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

საგამოძიებო კომისია - აქვს თუ არა ოპოზიციას 50 ხმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმედოვნებს, რომ თვის ბოლოს მოახერხებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი უნდა შეისწავლოს. პარტია თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ პარლამენტში დაბრუნდა და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ამ მიზანს ისახავს.

როგორც პარლამენტში ახლახან დაბრუნებულ ენმ-ის ფრაქციაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, საკითხის გატანა „ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა, საპარლამენტო არითმეტიკა ასე ცალსახად არ გამოიყურება და თუკი 3 დეპუტატს, როგორც დაგეგმილია, მანდატები გაუუქმდებათ, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება საჭირო 50 ხმის შეგროვება.

უკვე ცნობილია, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ პარტიების - „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები - სულ 12 დეპუტატი.

50 მხარდამჭერის შეგროვების იმედები, როგორც ლევან ბეჟაშვილმა გვითხრა, ენმ-ის გარდა, „ლელოზე“, „რეფორმების ჯგუფზე“, „გირჩსა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილზე მყარდება. „დაპირებები გვაქვს“, - ამბობს ის.

რა მიზანი ექნება კომისიას, თუკი შეიქმნება და რამდენი ხმის შეგროვების შანსი აქვს ენმ-ს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სილვიუ დომენტე: კოვიდპაციენტების გარდაცვალების მიზეზი მედპერსონალის სიმცირეცაა

რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შესახებ? რა არის ქვეყანაში კოვიდპაციენტთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი? როგორ აფასებს ქვეყანაში წარმოებული ვაქცინაციის კამპანიას? რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის (ამ და სხვა) კითხვებს უპასუხა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

ის მიიჩნევს, რომ კოვიდპასპორტების გაუქმების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს: ეპიდემიოლოგიურ სურათს, მძიმე შემთხვევეის რაოდენობასა და ვაქცინაციის მაჩვენებელს. სილვიუ დომენტე იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაც ანალიზის საფუძველზე იყო მიღებული და აქვე დასძინა, რომ ჯანმოს საქართველოს ოფისს ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

სილვიუ დომენტე ამბობს, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ შემთხვევად არ უნდა განიხილებოდეს და რომ ეს აღქმა მხოლოდ იმ ქვეყნებშია რელევანტური, სადაც აცრის მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით განცხადებებს, რომ „ომიკრონი“ „მსუბუქი დაავადებაა“. მონაცემები იმის თაობაზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ძირითადად მოგვდის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. როგორ მოიქცევა „ომიკრონი“ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა მცირე ნაწილია ვაქცინირებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და დასკვნების გაკეთება, ცოტათი ნაადრევია”.

ინტერვიუ სრულად წაიკითხე აქ.

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, სასამართლოში მივა თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც.

11:00 საათზე, პროცესის დაწყების პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თეზისები გამოაქვეყნა. მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, მეზობელ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური მოდელი შექმნას და გახდეს დიდი რეგიონის ინფრასტრუქტურული/ლოგისტიკური, ტურიზმის და გართობის, განათლების, ჯანდაცვისა და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის კეთების ცენტრი.

„დეოლიგარქიზაცია“, სასამართლოს რეფორმა, ენერგეტიკული განვითარება, არამიზნობრივი ხარჯების შემცირება და სხვა, სააკაშვილის ცხრაპუნქტიანი ხედვის ნაწილია.

Only me-ზე გადაიყვანე - რა ვიცით სასამართლო დავაზე, რომელიც ფეისბუკის პოსტის გამო დაიწყო?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეისბუკის ერთ-ერთ მომხმარებელს დაავალა, თავისი საჯარო ე.წ. Public სტატუსი Only Me-ს ფუნქციაზე გადაიყვანოს ანუ მხოლოდ თავად მას შეეძლოს მისი წაკითხვა. ასევე დაავალა, საჯაროობა შეუზღუდოს „YouTub“-ზე განთავსებულ მისსავე ვიდეოს და აუკრძალა ფეისბუკის პირადი ანგარიშის წაშლა მანამ, სანამ საქმეს სასამართლო განიხილავს.

ამ საქმის ადვოკატი სერგი ჯორბენაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს საქართველოში (და შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც) სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

დავა პოსტების გამო ორ საჯარო ფიგურას შორის დაიწყო. ერთმა მეორეზე რაღაც დაწერა და ვიდეოც გაავრცელა. მეორემ სასამართლოში იჩივლა, რადგან ჩათვალა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იყო ტყუილი და მას ცილს სწამებდნენ.

მოსარჩელის ვინაობას, მისივე მოთხოვნით, ადვოკატი ამ ეტაპზე არ ამხელს. სერგი ჯორბენაძე გვეუბნება, რომ პოსტი არ ყოფილა პოლიტიკური შინაარსის. სტატუსები უხამსი და ცილისმწამებლური იყო, რაც არაქონებრივი უფლების დარღვევად მიიჩნევა - სასამართლოსაც ამ დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართეს.

წაიკითხე მეტი.

შოიგუს „ინსპექცია“ ბელარუსში და სტოლტენბერგის გაფრთხილება

უკრაინის გარშემო უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთსა და რუსეთს შორის წამოჭრილი დაპირისპირების ფონზე, 8 თებერვალს ბელარუსში სტარტს აიღებს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი, ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელიც ბელარუსის არმიის მოდერნიზებას და საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რუსეთთან ერთად, ერთობლივი სამხედრო ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსში რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან უკვე ჩაიტანეს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“, რომელმაც სხვა საავიაციო საშუალებებთან ერთად ჰაერიდან უნდა უზრუნველყოს სწავლებაში მონაწილე შთამბეჭდავი რუსული სამხედრო ძალის დაცვა.

წინასწარი ინფორმაციით, ათდღიან ერთობლივ მანევრებში, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება, 13 000 ქვეითი ჯარისკაცი, 3500 საჰაერო მედესანტე, 300 ტანკი და 500 ჯავშანმანქანა მიიღებს მონაწილეობას. ნატოში აცხადებენ, რომ პირადი შემადგენლობის რაოდენობა მთლიანობაში სულ მცირე 30 000 კაცს შეადგენს.

სამხედრო ექსპერტები და დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ს, წინა წლების რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისგან (იმავე „დასავლეთი 2021“-ისგან) განასხვავებს მოულოდნელობა და გასაიდუმლოებული ხასიათი.

კერძოდ, ბოლო დრომდე არც რუსეთის და არც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებს არ შეუფასებიათ სწავლებაში ორივე მხრიდან მონაწილე ძალების რაოდენობა.

როგორია დასავლეთის რეაქცია რუსული ჯარების მასშტაბურ მობილიზაციაზე ბელარუსში? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა 1 თებერვალს და უფრო ადრე გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელზეც ჩანს რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების, მასობრივი კონცენტრაცია უკრაინის გარშემო მდებარე რუსეთისა და ბელარუსის პოლიგონებზე.

ფოტოზე ჩანს სატრანსპორტო საშუალებების ჯგუფი, რომელიც მინსკის სამხრეთით, სამხედრო პოლიგონ ოსიპოვიჩშია დისლოცირებული. გავრცელებული ცნობით, მასში შედის ასევე „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი. ფოტო გადაღებულია 1 თებერვალს. წაიკითხე და ნახე მეტი.

"ყოველთვის, როგორც კი საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი აიწევა რაღაც ნიშნულზე, მაშინვე შეგვახსენებენ თავს", - უკრაინის კრიზისის კონტექსტში საქართველოს საკითხის გააქტუალურებას უკავშირებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური მიმდინარე ზამთარში გააქტიურებულ ბორდერიზაციას.

XS
SM
MD
LG