მოსკოვი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან თავისი ჯარების თავმოყრას, მიუხედავად „ყალბი“ განცხადებისა, რომ დაიწყო ამ რეგიონიდან ჯარების გაყვანა, - განაცხადა თეთრმა სახლმა. დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ დიპლომატიურ მცდელობას შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი ეს-ესაა შეიჭრება უკრაინაში.
რუსეთის მტკიცება, რომ ჯარი გაჰყავს რეგიონიდან, ეჭვქვეშ დააყენა ნატომაც, რომლის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფაქტები მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებს ეწინააღმდეგება. „პირიქით, ჩანს, რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს“, - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც მიმდინარეობს ნატოს წევრების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.
თეთრი სახლის მაღალი რანგის მოხელემ მოსკოვის მტკიცებას, რომ ჯარი გაჰყავს უკრაინის მოსაზღვრე არეალიდან, უწოდა „ყალბი“ და თქვა, რომ რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედროების რაოდენობა არეალში „შვიდი ათასით“, რომელთა ნაწილი იქ 16 თებერვალს განთავსდა.
მოხელემ, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, ასევე გამოთქვა გაფრთხილება, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს „ყალბი საბაბი“ უკრაინაზე თავდასხმისთვის. „მოგვდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი საბაბი, რათა გაამართლონ შეჭრა.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთს გაჰყავს ჯარი, ტექნიკა უკრაინის მოსაზღვრე არეალიდან. „მათი უკან წასვლა არ დაგვინახავს“, - უთხრა ბლინკენმა ABC News-ს 16 თებერვალს.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "შეუძლია სასხლეტს გამოჰკრას. მას შეუძლია გამოჰკრას დღეს. მას შეუძლია გამოჰკრას ხვალ. მას შეუძლია გამოჰკრას მომავალ კვირაში. ძალები თავმოყრილია, თუ ისურვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განახლება“.
დაწერეთ კომენტარი