Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო/ოდირი ითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს - ნინო ლომჯარია


ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა მიიღო უკიდურესად არაკონსტიტუციური კანონი, რაც ეწინააღმდეგება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკას, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებთან და არღვევს ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებს.

ომბუდსმენის სიტყვებით, საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე სახალხო დამცველს აქვთ უფლება განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართონ ეუთო/ოდირს მოსაზრებების მისაღებად. ვინაიდან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა არცერთმა დასახელებულმა ინსტიტუტმა, ნინო ლომჯარიას თქმით, მას სახალხო დამცველმა მიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და შემდგომი პროცესის თაობაზე მოსაზრების წარმოსადგენად სახალხო დამცველმა 2 თებერვალს მიმართა ეუთო/ოდირს, შედეგად 18 თებერვალს მიიღეს დაჩქარებული წესით მომზადებული მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

„ეუთო ხაზგასმით ითხოვს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს, ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია. ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, ის პროცესი თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებაზე, მათ შორის ახლადშექმნილ სამსახურებზე, ამიტომ ის მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის მეორე მთავარ რეკომენდაციას, მის თანახმად, თუ არ შეჩერდა კანონის მოქმედება, არსებულ ინსპექტორს და მის მოადგილეებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება.

და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე. მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტის, არჩევითი ხელმძღვანელი პირების ვადის გაუქმება თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებების გზით, ვინაიდან ეს წარმოადგენს მათ საქმიანობის და დამოუკიდებლობის ხელყოფას, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე ეფექტი ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზე“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ითხოვს, 1 მარტამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს მიღებული კანონის მოქმედება.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში შესაძლებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც ეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მოხდა.

სახალხო დამცველის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტში ბრიფინგი გამართა იურიდიული კომიტეტს თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. პრესკონფერენციაზე მან სახალხო დამცველისგან მოითხოვა იმ შეკითხვების გასაჯაროება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიმართა ეუთო/ოდირს.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საჭიროა ნათელი მოეფინოს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნები.

"ცნობილა, რომ სახალხო დამცველმა ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს. ამ მიმართვამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია არანაირი კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების, ჩვენს ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ წარდგენილ იქნა ეუთო/ოდირისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა. გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი ევროკავშირის ქვეყნებში. ის, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული უზუსტობებით. მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლადშექმნილი სამსახურის თანამდებობის პირთა არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ, თითქოს, გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან დასკვნაში არსებულ კიდევ ერთ მომენტს გაუსვა ხაზი.

"კერძოდ, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული. აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ აუცილებელია გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირის მიმართ გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები",- თქვა ანრი ოხანაშვილმა და დაამატა, რომ "იმედია სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს“.

კითხვაზე თავად პარლამენტმა რატომ არ მიაწოდა ეუთო/ოდირს ინფორმაცია ცვლილებთან დაკავშირებით ან რატომ მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირი სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელი ჩამოვა საქართველოში და მას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

პრესკონფერენციაზე ნინო ლომჯარია გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას და თქვა, რომ პარლამენტის ვალდებულება იყო კონსულტაციები გაემართა სახალხო დამცველთან, როდესაც საქმე შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დამცველი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გაუქმებას. რაც შეეხება ეუთო/ოდირისადმი მიმართვას, სახალხო დამცველი ამბობს, რომ არ არსებობს პრაქტიკა და პროცედურა, რომლის თანახმადაც ომბუდსმენმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიაროს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი მიმართვის შესახებ თავად აცნობა საქართველოს ელჩს და პარლამენტი თავიდანვე იყო ინფორმირებული პროცესის შესახებ და დასკვნა ეუთო/ოდირმა მიაწოდა სახელმწიფოს და ვინაიდან პარლამენტი ეუთო/ოდირისგან ინფორმირებული იყო, მას თავად შეეძლო მიეწოდებინა თავისი მოსაზრებები.

საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევს და შემაშფოთებელს უწოდებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი რადიო თავისუფლებისთვის 16 თებერვალს წერილობით მოწოდებულ კომენტარში.

ამავე საკითხს 16 თებერვალს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი ვერ ხედავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ლონდა თოლორაიასთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის ობიექტურ საფუძველს, ამასთან, დაელოდება საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას.

15 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად - ლელა ჯანაშვილი.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ, მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG