ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაბრუნების მოთხოვნით, აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით. სტუდენტების თქმით, როცა ქვეყანა კოვიდ რეგულაციების მაქსიმალურად მოხსნისა და შემსუბუქების გზით მიდის, არალოგიკურია კვლავ ონლაინ სწავლა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დათო გოგოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ დროისთვის მათ უნივერსტეტის ადმინისტრაცია გაზაფხულის სემესტრში ჰიბრიდული სწავლების მოდელს პირდება. ეს გულისხმობს პრაქტიკული სწავლებების აუდიტორიებში გადატანას, თეორიული საგნების დისტანციურად გავლას და მათთვის, ვისაც ყველა საგანი თეორიული აქვს, მხოლოდ ორი საგნის გავლას უნივერსიტეტის შენობებში.