Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი უკრაინის საკითხზე: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში. მან თქვა, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე.

„ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებული არის ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე დგას და ჯერჯერობით იგი ძალიან მტკიცე თავშეკავებას იჩენს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გამოყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი. მას მიაჩნია, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში. ღარიბაშვილი უპირატესობას დიპლომატიურ გზებს ანიჭებს.

„ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით, მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა“, - აღნიშნა პრემიერმა.

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG