ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო.
უკრაინისა და პოლონეთის მიერ წარდგენილ წინადადებას ევროსაბჭოს წევრი 47 სახელმწიფოდან 42-მა დაუჭირა მხარი, მათ შორის არის საქართველო. საქართველოს პოზიციის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ, მაგრამ კარგავს წარმომადგენლობის უფლებას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში.
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, შეიჭრა უკრაინაში. თავდასხმა განხორციელდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან.
დაწერეთ კომენტარი