რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეჭვი შეიტანა გერმანიის დენაციფიკაციის „დასრულებაში“. ეს განცხადება მან გააკეთა გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით.
„როგორც ხშირად მომხდარა ისტორიაში, გერმანიის მიწიდან წამოსული იარაღი ისევ იქნება მიმართული რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ... ნაცისტების თანამზრახველ სტეპან ბანდერას იდეურ მემკვიდრეთათვის იარაღის მიწოდების გამო ნებსით თუ უნებლიეთ გვიჩნდება რიტორიკული შეკითხვა - რამდენად სრული და დამთავრებული იყო დენაციფიკაციის პროცესი თავად გერმანიაში მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ?“ - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.
გერმანიამ 27 თებერვალს გამოაცხადა, რომ მკვეთრად იცვლის პოზიციას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უწოდა „შემოტრიალების წერტილი“, მათ შორის გერმანიის პოლიტიკაშიც.
შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია დაიწყებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, ვინაიდან „პუტინის აგრესიამ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“. ადრე გერმანია არ იყო თანახმა, უკრაინისთვის თავისი იარაღი მიეწოდებინა. ამავე დროს ის ბლოკავდა სხვა ქვეყნების მიერ გერმანული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას.