Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი ევროპაში ჩადის, რათა მოკავშირეები აშშ-ის მხარდაჭერაში დაარწმუნოს 


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2 მარტს განაცხადა ევროპაში გამგზავრების გეგმების შესახებ უკრაინისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერის დადასტურების მიზნით და თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ადამიანური საფასური უკვე "გამაოგნებელია".

უკრაინელი ხალხის სიმამაცე "უსაფუძვლო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის" წინაშე შთააგონებს მსოფლიოს, თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უფრო ადრე, 2 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

მისი თქმით, რეზოლუციის მიღებამ, რომელსაც მხარი დაუჭირა გაეროს წევრთა დაახლოებით სამმა მეოთხედმა, აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა "ეწინააღმდეგება რუსეთის უგუნურ მცდელობებს შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები".

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "მხარს დაუჭერს კიევის დიპლომატიურ მცდელობებს" ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის ძალების გაყვანის თაობაზე. მან თქვა, რომ თუ იქნება დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც "უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ შესაძლებელია სასარგებლო იყოს, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ისინი, თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას".

ბლინკენი 3 მარტს ჩადის ბრიუსელში თავის კოლეგებთან შესახვედრად ევროპის კავშირიდან და ნატოს ქვეყნებიდან. იქიდან ის პოლონეთში, მოლდოვაში და ბალტიის ქვეყნებში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG