Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთი მოთხოვნებს თანდათან ამცირებს


უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მონაწილეები. 2022 წლის 3 მარტი
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მონაწილეები. 2022 წლის 3 მარტი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესში რუსეთი მოთხოვნებს თანდათან ამცირებს. უკრაინულ სააგენტო „უნიან“-ს მოჰყავს პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, ოლქსი არესტოვიჩის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსებმა შეწყვიტეს საუბარი „დენაციფიკაციაზე“ და ლაპარაკობენ უკრაინის „ბლოკგარეშე სტატუსზე“, თუმცა დიდად არც ამ თემას „პედალირებდნენ".

არესტოვიჩის ინფორმაციით, საუბარი იყო იმაზე, რომ დაუშვებელია უკრაინაში შეტევითი იარაღის ცალკეული სახეობების განთავსება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის შეფასებით, მოთხოვნების შემცირება აჩვენებს, რომ რუსეთი ხვდება - დასახულ პოლიტიკურ მიზნებს სამხედრო გზით ვერ მიაღწევს.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა 3 მარტს, ბელარუსის ტერიტორიაზე გამართეს მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას. პირველი რაუნდი 28 თებერვალს ჩატარდა. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრნენ. რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". უფრო ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო უარი ეთქვათ ნატოში უკრაინის მიღებაზე.
  • პუტინმა 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
XS
SM
MD
LG