ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი სახელმწიფოების, ასევე ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში საქართველოსთან მიმართებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნატოს წევრებს გადაწყვეტილი აქვთ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ქვეყანას რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიამ შექმნა უსაფრთხოებისთვის ახალი ნორმა, რომელშიც "ფუნდამენტურ პრინციპებს ძალის გამოყენება უპირისპირდება".
მისი თქმით, ალიანი მომავალი წლების განმავლობაში კონფლიქტის საფრთხის წინაშე დგას და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების ორგანიზებაზე იქნება დამოკიდებული: "გაიმარჯვებს დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი“ და ის, თუ „როგორ მსოფლიოში გვინდა ცხოვრება“
„ნატოს ალიანსი ახორციელებდა მხარდაჭერას საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინისა და სხვა პარტნიორებისადმი მრავალი წლის განმავლობაში - ვეხმარებოდით თავდაცვის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, გვქონდა ერთობლივი წვრთნები, სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი ამ ქვეყნებთან ერთად, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვისუნარიანობა და ინსტიტუციების უსაფრთხოება და პოტენციურად გავზარდოთ ამ ქვეყნების აქტივობა და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი, შესაძლოა, იყვნენ რუსეთის სამხედრო ძალისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ინტერვენციის, შეტევისა და დივერსიის საფრთხის ქვეშ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ალიანსის მიერ ამ ქვეყნის დახმარებაზეც.
მის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შექმნის ფრენისთვის აკრძალულ ზონას უკრაინაში და არ გაგზავნის იქ თავის ჯარებს. მაგრამ მან პირობა დადო, რომ სხვაგვარად დაეხმარება კიევს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში ინტერვენცია.
დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, რომ „ალიანსი შეთანხმდა, ნატომ არ განათავსოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.“
დაწერეთ კომენტარი