Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება წყვეტს რუსეთში მაუწყებლობას კრემლის ზეწოლის გამო


რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს ნიუსრუმი, 27 იანვარი, 2021 წელი

"რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური წყვეტს მაუწყებლობას კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო. რუსეთში რადიო თავისუფლების ვებსაიტის დაბლოკვა 4 მარტიდან დაიწყო - ამ დღეს რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო მედიის შეზღუდვისთვის განსაკუთრებით მკაცრი ზომების გატარებაზე გადავიდა. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად მიიღეს, რუსეთში "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებისთვის ჟურნალისტებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 4 მარტსვე საგადასახადო სამსახურმა დაიწყო საქმის წარმოება ორგანიზაციის ბანკროტად ცნობის მიზნით.

რადიო თავისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებისგან 3 მარტს მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში აღმოჩენილია „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა როგორც სანდო ინფორმაცია".

„როსკომნადზორის" თანახმად, ეს ინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ „თითქოს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას". ამასთან, რეგულატორმა განაცხადა, რომ „რუსეთი უკრაინასთან არ ომობს, რაც დადასტურებულია ოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს მიერ".

"ეს არ არის გადაწყვეტილება რომელიც ჩვენი სურვილით მივიღეთ, ის განპირობებულია პუტინის რეჟიმის ზეწოლით თავისუფალ მედიაზე. წლების განმავლობაში ჟურნალისტების დევნა, დაშინება და შევიწროება იმით გაგრძელდა, რომ რუსეთი მოღალატეებად აცხადებს პატიოსან ჟურნალისტებს იმისათვის, რომ მისმა მოქალაქეებმა არ იცოდნენ სიმართლე, რა ხდება უკრაინაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას რუსეთის საზღვრებს მიღმა რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ყველა შესაძლო პლატფორმაზე იმისათვის, რომ მივაწოდოთ მათ ჩვენი პროდუქტი ახლა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი ორგანიზაციის 70-წლიანი ისტორია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ კვლავ შევძლებთ მოსკოვში ოფისის გახსნას და ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ზოგიერთი ელის. დრო თავისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, პუტინის რუსეთშიც კი" - თქვა რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ რუსეთში მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ.

რადიო თავისუფლება რუსეთში 1991 წლიდან მაუწყებლობს.

რუსეთში 4 მარტის შემდეგ მაუწყებლობა შეაჩერა თითქმის ყველა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციამ.

ჟურნალისტები უსაფრთხოების მიზნით ცდილობენ დატოვონ რუსეთის ტერიტორიაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG