Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და რუსეთის დელეგაციები ბელარუსში გაემგზავრნენ მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის


დღეს, 7 მარტს ბელარუსის ტერიტორიაზე განახლდება უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკება. ორივე დელეგაცია ბელარუსში უკვე გაემგზავრა. უკრაინის პარლამენტის წევრმა, დავით არახამიამ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ მოლაპარაკება 15:00 საათისთვის უნდა განახლდეს.

მოლაპარაკების წინა ორი რაუნდი 28 თებერვალს და 3 მარტს შედგა. ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მეორე შეხვედრისას, 3 მარტს მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა იყო. 5 მარტს, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა მარიუპოლში, რათა ქალაქის მცხოვრებთ ჰუმანიტარული დერეფნით ესარგებლათ, თუმცა რეჟიმი დაირღვა, რაშიც უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG