უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ატომური შანტაჟის რამდენიმე ვარიანტის შესახებ.
ამის შესახებ მან „უკრინფორმთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა:
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორი ვარიანტის დამუშავების შესახებ. ამ ორიდან რომელს შეარჩევენ, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. პირველი - ეს არის რადიოაქტიური ტყეების მასშტაბური ხანძარი, რაც გამოიწვევს რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნას, რომელიც იმ მიმართულებით წავა, საითაც ქარი წაიღებს. მეორე - ატომური საცავის მიმართ გახსნილი საარტილერიო იერიში. შედეგი იგივე იქნება. ორივე შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლების მიზანია, რომ დაადანაშაულოს უკრაინა და მისი „ნაცისტური“, „ნეონაცისტური“ ფორმირებები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობენ“.
ბუდანოვის განცხადებით, ნებისმიერი ატომური შანტაჟი იქნება ატომური ტერორიზმი, ეკოციდი და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის შედეგადაც ყველაზე მეტად უკრაინა და ბელარუსი დაზარალდება.
1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.
3 მარტს, ღამით, რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.
უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და დაეხმაროს ბირთვული ობიექტების დაცვაში.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.