Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან ვრცელდება ცნობები საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებსა და ტელეანძაზე შეტევების შესახებ


1 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის ტელეანძაზეც.
1 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის ტელეანძაზეც.

წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის ობოლონის რაიონში, სადაც 9-სართულიან სახლს ჭურვი მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ და გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იუწყებიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

დღეს, 14 მარტს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევში მდებარე საავიაციო ქარხანა "ანტონოვ"-ზეც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ჟიტომირის ოლქის ადმინისტრაციულ შენობებზე. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი. დანგრეულია 7 შენობა.

წუხელ, საცხოვრებელი სახლები დაიბომბა ქალაქ ახტირკაში. მერის, პავლო კუზმენკოს წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი.

დღეს დილით სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ როვნოს მახლობლად მდებარე სატელევიზიო ანძაზეც. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კოვალის ინფორმაციით, ანძის დანგრევის გამო შეწყვეტილია ტელერადიო მაუწყებლობა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

XS
SM
MD
LG