რუსეთი ვერ მიიღებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ეს დღეს, 17 მარტს მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი ცნება, როგორიც მხარეთა თანხმობაა, აქ ვერანაირი თანხმობა ვერ იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.
16 მარტს, ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მიერ თებერვლის ბოლოს შეტანილ სარჩელზე. უკრაინა აცხადებდა, რომ რუსეთი ამახინჯებს ცნებას - გენოციდს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად იყენებს. სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.
უკრაინაში ომის სავარაუდო დანაშაულთა გამოძიება 28 თებერვლიდან დაიწყო ჰააგის კიდევ ერთი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, 16 მარტს, სამხედრო დამნაშავე უკვე უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
დღეს ჟურნალისტებმა პუტინის პრესმდივან პესკოვს ჰკითხეს, რატომ არ უპასუხა პუტინმა ბაიდენის ამ განცხადებას. „ჩვენი პრეზიდენტი ძალიან ბრძენი, შორსმხედველი და კულტურული საერთაშორისო მოღვაწე და რუსეთის ფედერაციის მეთაურია“, - თქვა პესკოვმა და პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას უწოდა დაუშვებელი და უპატიებელი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.
დაწერეთ კომენტარი