ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი თანახმაა კიევში ჩავიდეს, თუ უკრაინას და რუსეთს მართლაც სურთ ცეცხლის შეწყვეტა და მისი ვიზიტი შეთანხმების მიღწევას დაეხმარება. ამის შესახებ წერს ისრაელის ინგლისურენოვანი გამოცემა Ynet-ი.
გამოცემის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, მიიღოს შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში, კიევში პრემიერ-მინისტრ ბენეტის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, როგორც Ynet-ი წერს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი შიშობს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში პრემიერის ჩასვლა სარისკოა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობას ცდილობს, რამდენჯერმე ტელეფონით ელაპარაკა პრეზიდენტ ზელენსკის. მარტის დასაწყისში, ბენეტი მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ პუტინს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს. უკრაინის პრეზიდენტმა ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა არაერთხელ შესთავაზა, რაზეც კრემლს ცალსახა პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
დაწერეთ კომენტარი