Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენს გვერდით ვართ


სალომე ზურაბშვილი
სალომე ზურაბშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პრეზიდენტი უკრაინას გამარჯვებას უსურვებს.

„Მსურს, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით მივმართო ჩვენს მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქალაქებს და წინააღმდეგობას უწევენ - მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში.

მინდა, მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ამ ბრძოლაში უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს.

მინდა, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, ზოგიერთი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენს გვერდით ვართ. Ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს და ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას ამ ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც რუსეთთან უკვე მოიპოვეთ, იმის ჩვენებით, რომ, როგორც ყველას ეგონა, სუპერ ძალა არაა საკმარისი უკრაინის დასამარცხებლად, მით უფრო უმოკლეს დროში, როგორც ეს (რუსეთს) ეგონა.

Მთელი გულით მსურს, გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, გამძლეობა, რადგან ჩვენ, როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ სწორედ თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის.

გმადლობ უკრაინა!

დიდება უკრაინას!" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს, 24 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაბომბა საავადმყოფოები, სამშობიარო, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.

ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და სხვა ქვეყნები რუსეთს შესაჩერებლად სანქციებს უწესებენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესების" გამო არ დაუწესებს სანქციებს. ამავდროულად, არ იცვლება რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის წესი. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა რუსეთის 12 ათასი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG