ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ნაწილები უკრაინაში გადაჰყავს, წერენ The Washington Post-ი და CNN-ი, აშშ-ის წყაროებზე დაყრდნობით. ცნობას იმის შესახებ, რომ „რუსეთის გარნიზონები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან უკრაინისკენ მიემართებიან“, მანამდე, 20 მარტს, Conflict Intelligence Team-ი ავრცელებდა. მსგავსი ინფორმაცია ვრცელდებოდა სხვა წყაროების მიერაც. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინებოდა თბილისში მოქმედი უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც.
BBC იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსეთის სახმელეთო ჯარების მე-4 და მე-7 ბაზებზე რუსეთი 2009 წელს წარმოდგენილი იყო 1400-1400 სამხედროთი. მედიას გავრცელებული ცნობების გადამოწმების საშუალება არა აქვს.
26 მარტს უკვე 31 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რამდენიმე მიმართულებით განაგრძობს იერიშს; თუმცა უპირატესობის მოპოვების გარეშე.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 3 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 ფრთოსანი რაკეტა. ასევე, განადგურებულია 17 ერთეული ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ მოკლულია დამატებით 170 რუსი სამხედრო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე.
„ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია“, - თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ.
ამ განცხადების საფუძველზე საერთაშორისო მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი ომის მიზნებს ცვლის. უკრაინაში შეჭრის წინ და შემდეგაც, მოსკოვი აცხადებდა, რომ დაგეგმილი იყო მთელი უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია". სამხედრო ექსპერტები სულ უფრო აშკარად ხედავენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
უკრაინის მხარე იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სულ უფრო სუსტდება მისი შეტევითი პოტენციალი, მათ შორის - ავიაციითაც.