ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა მათი და მოქალაქეების საქმე 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის უფლებებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავს.
"მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.
მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე", - აცხადებენ "თბილისი პრაიდში".
2021 წლის 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფის, "ალტ-ინფოს", მოწოდებით სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. სიძულვილის ჯგუფები ძალადობდნენ 6 ივლისსაც. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.
5 ივლისს, როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობდნენ, არ იყო პოლიციის ის რაოდენობა, რომელიც აღკვეთდა დანაშაულს. ძირითადად, ისინი ცდილობდნენ ადგილიდან გაერიდებინათ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტები.