Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს უკრაინაში ომის მოლოდინი ჰქონდა და გამოასწრო


საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიზანია ქვეყანაში ომი დაიწყოს. მდინარაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილს უკრაინაში ომის დაწყების მოლოდინი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"დღეს დადასტურდა, მისივე თქმით, "ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა". რა მომენტზე საუბრობდა?.. დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო.

საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით, შესაძლოა, გადაზრდილიყო, მაგალითად, იმაში, რასაც ჩვენ გავერიდეთ და არ დავუშვით..." - თქვა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუმეორა ჟურნალისტებს ეს ვერსია და მიზეზი განუმარტა:

"ბუნებრივი ამბავია, რომ მან რაღაცას გამოასწრო უკრაინიდან, იმიტომ რომ 8 წელი "გვპირდებოდა" ჩამოსვლას და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი არჩევნები არ იყო?! რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ მაინცდამაინც ახლა, ამ მოვლენების წინ, საზოგადოებამ გადაწყვიტოს", - თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. თითქმის ხუთი თვის შემდეგ, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG