Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრაგმა სააკაშვილის ადვოკატთან უფლებამოსილებას გადაამეტა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2 მარტს, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგმა, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. ეს დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს და დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფის შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

დღეს, 4 აპრილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ თქვა, რომ ციხის ბადრაგის "უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება." კოკა კაციტაძის თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, საგამოძიებო სამსახური კი ამ საქმეზე მუშაობას აგრძელებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მეტალოდეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა.

მომხდარი დაპირისპირების ფაქტი 3 მარტს პენიტენციურმა დაწესებულებამაც დაადასტურა.

"მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ, როცა ვტოვებდი ციხეს, ერთ-ერთმა პირმა შეაგინა მას, კამერების თვალწინ. იქ იყო სხვა თანამშრომელიც. მივუთითე, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და პატიმრის გინება... გამიყვანა ოთახში და მითხრა, რომ კამერები არ იყო იქ, ქუჩის ბიჭურად გამირჩია საქმე... ვუთხარი, რომ იყო უზრდელი, რის შემდეგაც ჩემი მისამართითაც შეიგინა, რაზეც ვუპასუხე... შემდეგ დაბრუნდა ფიზიკური შეურაცხყოფის მოსაყენებლად", - ასე აღწერა თავად შოთა თუთბერიძემ 2 მარტს ციხეში მომხდარი ინციდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG