დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსულ ენაზე იწყებს და ასრულებს მიმართვას ვიდეორგოლში, რომელიც მისი ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული. ვიდეორგოლს რუსულენოვანი სუბტიტრები ახლავს და იმ რეალობას აღწერს, რაც რუსული არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ ნახა საზოგადოებამ ქალაქ ბუჩაში.
„რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს, იმსახურებთ გაიგოთ ფაქტები. რუსეთის არმიის სიმხეცემ ბუჩაში, ირპენში, უკრაინის სხვა ქალაქებში, შეზარა მთელი მსოფლიო“, - ამბობს ბორის ჯონსონი და ჩამოთვლის, რომ ქუჩებში ნახეს „დახოცილი, ზურგს უკან ხელებშეკრული ხალხი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაუპატიურებული ქალები, საერთო საფლავებში ჩაყრილი დამწვარი ცხედრები ან უბრალოდ ქუჩაში დატოვებული“.
ბორის ჯონსონის თქმით, ნანახი იმდენად შემზარავია, რომ გასაკვირიც არაა, რატომ უმალავს რუსეთის ხელისუფლება მას თავის მოქალაქეებს.
„თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ მომხდარს ნახავთ, მის ომს მხარს არ დაუჭერთ“, - ჯონსონის თქმით, ჩადენილი არის ლაქა რუსეთისთვის "რომელიც სულ უფრო გაფართოვდება და ამ ომის ყოველი ახალი დღის შემდეგ სულ უფრო ჩამოურეცხავი გახდება“.
„უბრალოდ მენდეთ სიტყვაზე და გამოიყენეთ VPN ვირტუალური პირადი ქსელი, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მიგიწვდეთ ხელი. როდესაც გაიგებთ სიმართლეს, გაუზიარეთ ის სხვებს“.
ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვის ბოლოს რუსეთის მოქალაქეებს რუსულად ეუბნება:
„თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - ამბობს ბორის ჯონსონი.
დიდმა ბრიტანეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა რუსეთს მკაცრი სანქციები უკრაინაში წარმოებული ომის გამო.