Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად, როგორ და რა ნივთიერებით მოიწამლნენ ქართველი მებრძოლები?


ვაჟა ცეცაძე და ნადიმ ხმალაძე სამხედრო ჰოსპიტალში, კიევი
ვაჟა ცეცაძე და ნადიმ ხმალაძე სამხედრო ჰოსპიტალში, კიევი

რამ გამოიწვია ექვსი ქართველი მებრძოლის მოწამვლა უკრაინაში, კიევის ოლქში, სავარაუდოდ, ქალაქ გოსტომელში ყოფნისას, ამ კითხვას პასუხი ახლა ანალიზების შედეგებმა უნდა გასცეს. მათი ორგანიზმიდან უკვე აღებულია შესაბამისი ნიმუშები, რომელთა კვლევაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

ნადიმ ხმალაძე უკვე მეორე დღეა, ხუთ ქართველ თანამებრძოლთან ერთად მკურნალობს კიევში, სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სამხედროები თავს ნორმალურად გრძნობენ, თუ არ ჩავთვლით, ქიმიური მოწამვლისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს - თვალებისა და ყელის წვას, თავბრუსხვევას. ამბობს, რომ რაც მთავარია, მათ სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.

როგორ მოიწამლნენ ქართველი მებრძოლები?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ნადიმ ხმალაძეს არ აქვს. 2 აპრილს, მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევის ოლქის, მათ შორის, ბუჩის, ირპენისა და გოსტომელის რუსეთის არმიისგან გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მათთან ერთად, ქართველმა მებრძოლებმა, გათავისუფლებული ქალაქების ე.წ. წმენდის ღონისძიება დაიწყეს.

სწორედ ამ ღონისძიებაში იყვნენ ჩართულები ნადიმ ხმალაძე და მისი თანამებრძოლები. ის ვარაუდობს, რომ ქართველი მებრძოლები ამ სამუშაოს შესრულების დროს მოიწამლნენ. თუმცა, კონკრეტულად, სად და რა სიტუაციაში, ამის თქმა უჭირს.

„როგორ გითხრათ, რთული სათქმელია. რუსების მიერ დატოვებული ტერიტორიების წმენდის ოპერაცია სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. რვა საათი დავყავით გოსტომელში. ვიყავით გოსტომელის აეროპორტშიც, სადაც ლეგენდარული „მრია“ ააფეთქეს. გოსტომელში დავტვირთეთ, ე.წ. „ტრაფეი“, სამხედრო ნადავლი, იარაღი, ტყვია-წამალი, ის, რაც რუს სამხედროებს დარჩათ და წამოვედით კიევში, ჩვენი დისლოკაციის ადგილზე“.

იმ საღამოს, ქართველმა მებრძოლებმა ქიმიური მოწამვლისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე დაიძინეს. თუმცა, როგორც ნადიმ ხმალაძე გვიყვება, დილით მან კიდურებისა და სახის შეშუპებით და თავის ტკივილით გაიღვიძა:

„თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ ხელები მქონდა შეშუპებული, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, შემეშინდა. მთელი სახე დასიებული მქონდა - თვალები, ცხვირი, ლოყები. დამეწყო თავის ტკივილი. გამოვედი გარეთ და ბიჭებთან დავიჩივლე, არ ვარ კარგად-მეთქი და აღმოჩნდა, რომ სხვებიც მსგავს სიტუაციაში იყვნენ. ჩემგან განსხვავებით, მათ კიდურები არ ჰქონდათ დასიებული, თუმცა, სტკიოდათ თავი, ეწვოდათ თვალები, ყელი, გრძნობდნენ ცუდ გემოს, სტკიოდათ სახსრები, ჰქონდათ თავბრუსხვევა. ანუ, გვქონდა ყველა ის სიმპტომი, რაც დამახასიათებელია ქიმიური მოწამვლისთვის“.

ნადიმ ხმალაძე გვეუბნება, რომ ქართველმა მებრძოლებმა მკურნალობა იქვე, ბაზაზე არსებულ მედპუნქტში დაიწყეს, სადაც გაუკეთდათ ალერგიის საწინააღმდეგო ინექციები. თუმცა, მეორე დღეს, 4 აპრილს, მედპუნქტში მივიდა ცნობა, რომ მსგავსი სიმპტომებით ორი უკრაინელი მებრძოლი გარდაიცვალა:

„ეს მებრძოლები, 2 აპრილს, გოსტომელში, იმავე ტერიტორიაზე იყვნენ, სადაც ჩვენ ვიყავით. მათი გარდაცვალების მიზეზი კი, სავარაუდოდ, ის იყო, რომ უფრო ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაბინძურებულ ტერიტორიასთან თუ საგნებთან და გაცილებით დიდი დოზით შეისუნთქეს ეს ნივთიერება. აქ არის ლაპარაკი ქიმიურ იარაღზე. ის ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო. იქ ეყარა აუფეთქებელი ჭურვები, სამხედრო ტექნიკა, ბრძოლის ველია, დამწვარი ტანკები, დამწვარი მანქანები, თვითონაც დამწვრები ყრიან. ასე რომ ვერ გაიგებ. მაგალითად, სითხის სახით თუ დაგიტოვეს იარაღი, გააფრქვიეს ჰაერში ან დაღვარეს სადმე, ამას ვერ დაინახავ“.

იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი მებრძოლები იმავე ტერიტორიაზე მოიწამლნენ, სადაც გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქართველი მოხალისეები კიევში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაეყვანათ:

„მეორე დღეა ვმკურნალობთ მულტიპროფილურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშიში არაფერია. ორი დღეა მიმდინარეობს ინტენსიური კვლევა. ყოველ ორ საათში მორიგ კვლევას გვიტარებენ. იკვლევენ თითოეულ ორგანოს. დღეს კბილის ექიმიც კი გამოგვიგზავნეს. აიღეს სპეციალური ანალიზი, რათა გაირკვეს, გამოიწვია თუ არა ჩვენი მოწამვლა გამოწვეული ქიმიურმა იარაღმა და თუკი ეს იყო ქიმიური იარაღით მოწამვლა, რა ტიპის ნივთიერება იყო“.

ქართველ მებრძოლებს კლინიკაში რამდენიმე დღის გატარება მოუწევთ. ნადიმ ხმალაძე გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, ისინი ჰოსპიტალში კიდევ 3-5 დღეს დაჰყოფენ.

დავით ქაცარავამ, კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, 4 აპრილს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გოსტომელის აეროდრომის ტერიტორიაზე შესულ სამხედროებს, რუსი ჯარისკაცების მიერ დატოვებული აირწინაღები დახვდათ:

„საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული. გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე. ეს ნა..რი სახელმწიფო, როგორც მინიმუმ, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს“.

მიწასთან გასწორებული გოსტომელი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები

სწორედ გოსტომელის აეროპორტში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სტრატეგიული ავიაგადამზიდი Antonov An-225 Mriya.

Antonov An-225 Mriya, გოსტომელის აეროპორტი, 2 აპრილი, 2022 წელი
Antonov An-225 Mriya, გოსტომელის აეროპორტი, 2 აპრილი, 2022 წელი

ავიაგადამზიდი უკრაინის სსრ-ში 1985 წელს დამზადდა, პირველი ფრენა კი 1988 წელს შეასრულა. მისი წონა ტვირთის გარეშე 285 ტონას იწონიდა, სიგრძე – 84 მეტრს შეადგენდა, სიგანე კი – 18.2 მეტრს. ის იყო ყველაზე დიდი ავიაგადამზიდია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა.

An-225 Mriya, დამოუკიდებლობის დღე, კიევი, 2021 წლის 24 აგვისტო
An-225 Mriya, დამოუკიდებლობის დღე, კიევი, 2021 წლის 24 აგვისტო

Mriya 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმაც. ტვირთმზიდობის მაჩვენებლით, Antonov An-225 Mriya-ს არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი.

კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქი გოსტომელი, სადაც, სავარაუდოდ, ქართველი მებრძოლები მოიწამლნენ, დაახლოებით 6 კილომეტრის ფართობზეა გაშენებული და მისი მოსახლეობა თითქმის 18 ათასს შეადგენს.

მიწასთან გასწორებული გოსტომელის კადრები, 5 აპრილს გამოაქვეყნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისევე როგორც კიევის ოლქის სხვა ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში, რუსეთის საოკუპაციო ძალები პირდაპირ ქუჩაში, სახლებსა თუ ავტომობილებში უსწორდებოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს.

„უკრაინსკაია პრავდა“, გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტარას დუმენკოზე დაყრდნობით წერს, რომ გოსტომელის 35-დღიანი ოკუპაციისას, უგზო-უკვლოდაა დაკარგული 400 ადამიანზე მეტი. თვითმხილველთა მონათხრობის თანახმად, მათი ნაწილი დაიღუპა:

„გვაქვს ინფორმაცია ადამიანებზე, რომ ისინი არიან მოკლულები. გვაქვს ამის დამადასტურებელი ინფორმაციაც, ფოტო და ვიდეო-მასალები, მაგრამ ამ დრომდე ვერ ვახერხებთ დაღუპულების პოვნას. საბედნიეროდ, ამ ინფორმაციის წყაროს გადარჩენა მოვახერხეთ“.

მაგალითისათვის, გოსტომელის ერთ-ერთ ექიმს, გასტაცეს ქმარი და შვილი და მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დაკარგულია ასევე გოსტომელის აეროპორტის სახანძრო განყოფილების უფროსის ცხედარი.

ტარას დუმენკო ვარაუდობს, რომ რუსი სამხედროები „მხეცური საქციელის კვალს ასუფთავებდნენ“:

„მაგალითად, მიდიოდი გოსტომელის მიმართულებით და გზის გასწვრივ ხედავდი დაცხრილულ ავტომობილებს, რომლებშიც იყვნენ ადამიანები, მათ შორის ბავშვები. უკან დაბრუნებისას კი მათი გვამები აღარსად იყო. ჩემი ჰიპოთეზა ასეთია, რაც უფრო შორს იყვნენ რუსი სამხედროები ფრონტის ხაზიდან, მით უფრო კარგად წმენდნენ თავიანთი დანაშაულის კვალს“.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ომის დანაშაულის ფაქტებს ანადგურებდნენ და სწორედ ამისათვის იყენებდნენ ისინი მობილურ კრემატორიუმებს, 3 აპრილს გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა:

„რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ სამხედრო ორკესტრითა და რუსული გვარდიის კოლონებით. მაგრამ მათ უკან მოჰყვებოდათ მობილური კრემატორიუმები. რაში სჭირდებოდათ კრემატორიუმები, თუკი არ სჯეროდათ წინააღმდეგობის? ახლა კი ვიცით - იმისათვის, რათა დაეფარათ ომის დანაშაულები. ეს არ არის შემსრულებლის შეცდომა. ეს არის დაგეგმილი გენოციდი“.

გოსტომელის გარდა, მიწასთანაა გასწორებული კიევის ოლქის სხვა ქალაქები, მათ შორის ბუჩა, ირპენი. რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში, აღმოჩნდა ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, მათ შორის არასრულწლოვნების, ბავშვების. ბუჩაში, ქუჩებსა და სარდაფებში ნაპოვნი ცხედრების ნაწილს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. გარდა ამისა, ცნობილი გახდა მასობრივი სამარხების შესახებაც. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თავისი ჯარების კავშირს ბუჩასა და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში სამხედრო დანაშაულებთან.

XS
SM
MD
LG