Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერი მოსკოვში ჩავა და პუტინს შეხვდება


ნეჰამერი და ზელენსკი კიევში, 9 აპრილი, 2022 წ.
ნეჰამერი და ზელენსკი კიევში, 9 აპრილი, 2022 წ.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ორშაბათს, 11 აპრილს, მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს შეხვედრას. ნეჰამერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც მოსკოვს ეწვევა 24 თებერვლის შემდეგ - როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რასაც უკვე მოჰყვა ათასობით მსხვერპლი.

ავსტრიის კანცლერის ვიზიტს ადასტურებს კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.

ნეჰამერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ აპირებს პუტინს ესაუბროს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის შესაძლებლობაზე და ომის დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაშია ჩადენილი.

შაბათს ნეჰამერმა კიევში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის დროსაც მან დაგმო რუსეთის აგრესია და გამოვიდა უკრაინისთვის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის პირობით.

ავსტრია ნეიტრალური სახელმწიფოა, ნატოს წევრი არ არის და ის უკრაინას არ აწვდის შეიარაღებას.

გავრცელებული ცნობებით, კანცლერის ვიზიტი შეთანხმებულია ევროკავშირის ლიდერებთან.

ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შუამავლის როლის შესრულებას შეეცადნენ ისრაელის პრემიერ მინისტრი ნაფტალი ბენეტი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკაც კი. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა წინადადებებით ჩადის პუტინთან ავსტრიის კანცლერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG