Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერი: პუტინი განწყობილია, რომ „გადაჭრას დონბასის საკითხი“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, კომბინირებული ფოტო.

ავსტრიის კანცლერმა, რომელიც წუხელ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ავსტრიელ ჟურნალისტებს ამ შეხვედრის დეტალების შესახებ უამბო. კარლ ნეჰამერის თქმით, მას ამ შეხვედრამ არ დაუტოვა არავითარი პოზიტიური შთაბეჭდილება.

ავსტრიის კანცლერმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ პუტინი მტკიცედ არის განწყობილი იმისთვის, რომ სანქციების მიუხედავად, „გადაწყვიტოს დონბასის საკითხი“. ამასთან, პუტინს უთქვამს, რომ უკრაინაში შეჭრის პასუხად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „მკაცრად“ მიიჩნევს.

კარლ ნეჰამერის თანახმად, მან პუტინს აგრძნობინა, რომ სანქციები რუსეთის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება, ვიდრე „უკრაინაში მიმდინარეობს ომი და იღუპებიან ადამიანები“. ამაზე პუტინს განუცხადებია, რომ „არ იქნებოდა ცუდი“ საბრძოლო მოქმედებების მალე დასრულება - მას მხედველობაში ჰქონდა ომის დასრულება რუსეთის პირობებით. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ავსტრიის კანცლერმა თქვა, რომ პუტინი მთლიანად „ომის ლოგიკით“ აზროვნებს.

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტთან "პირდაპირი, ღია და მძიმე" მოლაპარაკება გამართა და ეს არ ყოფილა "მეგობრული ვიზიტი".

ნეჰამერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან შეხვედრაზე წამოჭრა "ომის მძიმე დანაშაულების საკითხი ბუჩაში და სხვა ადგილებზე და ხაზი გაუსვა ყველა დამნაშავის გასამართლების საჭიროებას".

ნეჰამერის თანახმად, ამ საკითხში პუტინსა და მას შორის მკაცრ კონფრონტაციას ჰქონია ადგილი, რადგან რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას „ამ საკითხის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს“. ნეჰამერის თქმით, მას სურდა „პუტინისათვის თვალებში ჩაეხედა“ და დაენახა მისი რეაქცია ბუჩის მცხოვრებლების მკვლელობაზე, რაშიც რუს სამხედროებს ადანაშაულებენ.

ავსტრიის კანცლერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პუტინს ესტუმრა რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ. რუსეთის ლიდერის ნოვო-ოგარიოვის რეზიდენციაში შეხვედრა დაახლოებით სააათ-ნახევარს გაგრძელდა. ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitun-ის ცნობით, კარლ ნეჰამერის თხოვნით, შეხვედრაზე ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ და არ გადაუღიათ საერთო ფოტო, რათა თავიდან აეცილებინათ „რუსეთის მიერ მისი პროპაგანდისტული მიზნით გამოყენება.“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არ გაკეთდებოდა განცხადება შეხვედრის შედეგების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG