Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისელ ჩინოვნიკებს 358 ათასი ლარის სოციალური დახმარება აქვთ აღებული - კიდევ რა დარღვევები იპოვა აუდიტმა


სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების   ხარჯები შეისწავლა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  

  • ქუთაისში, სახელმწიფო მოხელეებს იმაზე 125-ით მეტი მანქანა ემსახურება, ვიდრე კანონით შეუძლიათ.
  • მანქანებს ჩინოვნიკები არასამსახურებრივი მიზნებისთვისაც იყენებენ, მათ შორის - შვებულების დროსაც.
  • სამსახურის მანქანებში ისინი იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე ავზის მოცულობაა.
  • საკრებულოში დასაქმებულები სოციალურ დახმარებას (ფული, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი) იღებენ მიუხედავად იმისა, რომ მერიის თანამშრომლებს სახელმწიფო მაღალ ხელფასს უხდის.
  • 2019-2020 წლებში, ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით 133-ჯერ ისარგებლა და 150 ათას ლარამდე დახარჯა ისე, რომ არ წარუდგენია ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა ან ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის შესახებ.

ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის ძირითადი მიგნებებია. ეს დარღვევები 2019-2020 წლების ხარჯების შესწავლის შედეგად გაირკვა, და ვინაიდან აუდიტმა მიიჩნია, რომ ქუთაისში ადგილობრივი მმართველობის ფორმა სისხლის სამართლის დანაშაულებს შეიცავს, პროკურატურას გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

ქუთაისში საჯარო მოხელეები მერიიდან, საკრებულოდან და მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან არაეფექტიანად მუშაობენ: ვერ ახერხებენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას და არაეფექტიანად ხარჯავენ ბიუჯეტის თანხებს - ამ შეფასების საფუძველს აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღწერილი შემდეგი ფაქტები იძლევა:

  • ქუთაისში ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები დადის, რომლებიც ხშირად ფუჭდება და მათი შეკეთება ბიუჯეტს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუთაისის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით ისე იყიდა, რომ ხარისხიც არ შეუმოწმებია. 60 ავტობუსის შეძენაში ქალაქს თითქმის 23 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.
  • მუნიციპალიტეტმა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პირობებში იყიდა თითქმის 129 ათასი ლარის პარკში განსათავსებელი ძელსკამები, თანმდევი მონტაჟის მომსახურებით. სატენდერო კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე იყო, გამყიდველი კი - მასთანვე დაკავშირებული საწარმო.
  • ქალაქის მთავრობა დროულად ვერ ასრულებს და აგვიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრო სისტემების, ტროტუარების, სხვა ობიექტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას. ბიუჯეტის თანხა აუთვისებელი რჩება, მოსახლეობის პრობლემები - გადაუჭრელი.
  • ქუთაისის მერიაში მუშაობენ არასათანადო კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ხელფასი შეცდომით 2-ჯერ გადარიცხონ და არ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვისაც ამ შეცდომის გამოსწორება შეუძლია. აუდიტის სამსახური წერს, რომ 2015 წელს შეცდომით გადარიცხული ხელფასები მერიამ დაიბრუნა, მაგრამ ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის - 103 200 ლარის დაბრუნება ჯერაც ვერ შეძლო.
  • 2020 წელს ქუთაისში ორი მუსიკალური და ერთი ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია ქალაქს 763 700 ლარი დაუჯდა. ახლად გარემონტებულ შენობებში კვლავ დაიბზარა კედლები, რის გამოც #1 სამუსიკო სკოლის რამდენიმე საკლასო ოთახში სასწავლო პროცესიც კი შეჩერდა, #2 სამუსიკო სკოლაში კი არ მუშაობს გათბობის სისტემა და ახალი სახურავიდან წვიმა ჟონავს.
  • ქუთაისის მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საკომპოსტე ცენტრის აშენებასა და მოწყობაზე, თუმცა არ გამოიყენა. ცენტრი თითქმის ერთი წლის შემდეგ გაიხსნა, როცა ამ საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდა.

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აუდიტის სამსახურმა გამოკვეთა, თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემაა.

2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოსამსახურეებმა ხელფასის გარდა მილიონ ლარზე მეტი მიიღეს: აქედან 331 400 ათასი ლარი დანამატის სახით, 432 000 ათასი ლარი, როგორც ჯილდო, 358 200 ათასი ლარი კი, როგორც სოციალური დახმარება.

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფა არის ტრანსფერი ფულადი ან სასაქონლო ფორმით, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის სოციალური რისკებისგან დაცვის მიზნით, სოციალური დახმარება კი ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელია, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

აუდიტის სამსახური წერს, რომ „მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დახმარება, ძირითადად, მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა განცხადებების უმრავლესობას არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია”. შესაბამისად, აუდიტორებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ სოციალურ დახმარებას საჯარო მოხელეებისთვის ფულადი წახალისების სახე ჰქონდა.

ქუთაისში სოციალურ დახმარებას იღებდნენ მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებსაც საკუთარი დეკლარაციების მიხედვით, საკმაოდ სოლიდური შემოსავლები აქვთ. არის შემთხვევები, როცა ჩინოვნიკები იღებდნენ ფულად ჯილდოსაც და სოციალურ შემწეობას, ზოგჯერ კი სოციალური შემწეობის ოდენობა მათი ხელფასის ოდენობის ტოლფასი იყო.

აუდიტის სამსახური არ აკონკრეტებს იმ საჯარო მოხელეების ვინაობას, ვინც სოციალურ შემწეობას იღებდა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ამ დროს ორი მოადგილე ჰყავდა, ორივეს ხელფასი 3 500 ლარი იყო. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ირაკლი შენგელია 2021 წელს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ქუთაისის საკრებულოს მეორე თავმჯდომარე რამაზ ჩხიკვაძე იყო. ის, რომ ჩხიკვაძე და შენგელია საკრებულოში მუშაობის დროს დახმარებას იღებდნენ, დასტურდება საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევითაც, რომელიც ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს მუშაობას აფასებს. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ გარდა თავმჯდომარის მოადგილეებისა, დახმარებას იღებდნენ კომისიის წევრები და ფრაქციების თავმჯდომარეებიც. სოციალური დახმარების მიმღებებს შორის იყო ნანა კოსტავაც, რომელსაც თანამდებობის დატოვება საკრებულოში სიძულვილის ენის გამოყენების გამო, აქტივისტების საპროტესტო აქციების ფონზე მოუწია.

საკრებულოს წევრების გარდა, აუდიტის სამსახური მიანიშნებს, რომ სოციალურ დახმარებას იღებდნენ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებიც. ქუთაისის მერიას სულ 7 სამსახური აქვს - ამ სამსახურების ხელმძღვანელების ნაწილი იგივე ადამიანები არიან, ვინც ამ თანამდებობას 2019-2020 წლებში იკავებდა.

ჯონი არაბიძე, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურს 2018 წლის 26 იანვრიდან ამ დრომდე ხელმძღვანელობს. საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მოქმედი უფროსი, დავით ნიშნიანიძეც იკავებდა ამ თანამდებობას აუდიტის ჩატარების პროცესში.

ქუთაისის მერია არც კერძო პირებზე გასცემს სუბსიდიებს ხარვეზების გარეშე:

  • 2019 წელს მერიამ და ა(ა)იპ − ქუთაისის შემსწავლელმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს ქუთაისის ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიზნით, ფართო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის შესახებ. მერიამ სამეცნიერო კვლევით ცენტრს 20 000 ლარი მისცა კვლევისთვის, რომლის შედეგადაც წიგნი უნდა გამოეცა - აუდიტმა ვერ მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულებები კვლევის ჩატარების შესახებ. არ არსებობს არც წიგნი. ქუთაისის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2017 წელს დაარსებული ორგანიზაციაა და მისი დირექტორი ომარ ნიშნიანიძეა. ის 2012-2016 წლებში პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების” პარტიული სიით და ბიძინა ივანიშვილს “მაშენებლად” მიიჩნევდა. 2019 წელს მან თავისი აგებული გემ “არგოთი” ფოთიდან ვანამდე გაცურა.
  • 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამის განსახორციელებლად. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას, ა(ა)იპ − მეწარმე ქალთა ფონდს მერიის დაფინანსებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ხელი უნდა შეეწყო მიკრო- და მცირე ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად. 2019-2020 წლებში ორგანიზაციამ თითქმის 1 მილიონი ლარი მიიღო და ამ თანხის 36% საკუთარი მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენა. 59 500 ლარი დაიხარჯა 21 მცირე პროექტის დასაფინანსებლად ისე, რომ მერია არ დაინტერესებულა, რამდენად შეესაბამებოდა დაფინანსებული პროექტები გრანტის მიზნებს და იყო თუ არა დაფინანსებული წარმოდგენილ იდეებს შორის საუკეთესო ალტერნატიული პროექტები. მეწარმე ქალთა ფონდი ქუთაისში რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტებს.

იმ დროის უმეტეს ნაწილში, რომელსაც აუდიტის სამსახური სწავლობდა, 2020 წლის აპრილამდე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იყო. თვითმმართველი ქალაქის არჩეულმა მერმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეებს ფეისბუკპოსტით ამცნო 2020 წლის 8 აპრილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG