Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი იური დუდი და პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ ცნეს


იური დუდი და ეკატერინა შულმანი
იური დუდი და ეკატერინა შულმანი

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ 15 აპრილის საღამოს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შემავალი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და მათი წარმომადგენლების სიას კიდევ 9 ადამიანი დაუმატა. მათ შორის არიან ჟურნალისტი და ბლოგერი, იური დუდი, პუბლიცისტი და პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი, კარიკატურისტი სერგეი ელკინი, The Insider-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი და სხვები. ამგვარად, უცხოეთის აგენტთა სიაში რუსეთში უკვე 142 იურიდიული და ფიზიკური პირი იმყოფება.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ეკატერინა შულმანმა რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ის, როგორც რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდიატი, ერთი წლის გატარებას გეგმავს. კარიკატურისტმა სერგეი ელკინმა რუსეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა, ის ახლა ბულგარეთში იმყოფება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იური დუდმაც დატოვა რუსეთი, მედიაში არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ თავად ჟურნალისტს ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს კავშირგაბმულობას, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მასობრივ კომუნიკაციებს ("Роскомнадзор"), მარტის დასაწყისში რადიო თავისუფლების ცხრა რუსულენოვანი პროექტის, მათ შორის, რუსული სამსახურის და "ეხო კავკაზას" საიტები დაბლოკა "როსკომნადზორისთვის" უარის გამო, წაშალონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შესახებ ინფორმაცია.

"როსკომნადზორმა" საიტზე წვდომა შეუზღუდა „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეულ "მედიაზონასაც" - ასევე პროკურატურის მოთხოვნით.

რუსეთში საიტები დაუბლოკეს ასევე სხვა მედიაორგანიზაციებს, რომელთა სათავო ოფისები უცხოეთშია: "მედუზას", "ბი-ბი-სის", "ამერიკის ხმას", "დოიჩე ველეს", მათთან ერთად სოციალურ ქსელებს "ფეისბუკსა" და "ტვიტერს".

XS
SM
MD
LG