რუსული არმიის ნაწილები შევიდნენ ლუგანსკის ოლქის დასავლეთში მდებარე ქალაქ კრემენნაიაში, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დაცხრილეს 7 საცხოვრებელი სახლი და სპორტული კომპლექსი „ოლიმპი“, სადაც ხანძარია.
ჰაიდაის ცნობითვე, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო პირის ავტომანქანას, რომლითაც რამდენიმე ადამიანი ქალაქის დატოვებას ცდილობდა - დაიღუპა 4 და 1 დაიჭრა. ჰაიდაიმ მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრები არ დატოვონ და არ სცადონ კრემენნაიადან დამოუკიდებლად გასვლა, რადგან ეს ძალიან სახიფათოა.
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლქის მცხოვრებთ წუხელ მოუწოდებდა რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაციისკენ.
უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ კიევიდან უკან დაიხია, დიდი და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში და დონბასის მთლიანად დაკავებას შეეცდება. რუსეთი აპირებს შექმნას სახმელეთო დერეფანი ლუგანსკს, დონეცკსა და ანექსირებულ ყირიმს შორის.
დაწერეთ კომენტარი