Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სატელიტური ფოტომასალა: მარიუპოლის მსხვერპლთა სავარაუდო მასობრივი სამარხი?


თანამგზავრიდან 9 აპრილს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია მარიუპოლის მახლობლად მდებარე მანგუში. სურათის ზედა ნაწილში ჩანს გრძელი თხრილი, რაც შესაძლოა იყოს რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა მასობრივი სამარხი.
თანამგზავრიდან 9 აპრილს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია მარიუპოლის მახლობლად მდებარე მანგუში. სურათის ზედა ნაწილში ჩანს გრძელი თხრილი, რაც შესაძლოა იყოს რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა მასობრივი სამარხი.

ავტორი: კირილო ოვსიანნი

ახალი სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლის დასავლეთით მასობრივი სამარხები მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათში შესაძლოა ათასობით ადამიანი იყოს დამარხული.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფის, „სხემის“ მიერ ახალი მასალის გამოვლენას წინ უსწრებდა ქალაქის მრავალკვირიანი დაბომბვა და დაუნდობელი ქუჩის ბრძოლები, რასაც, ქალაქის მერის თქმით, 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

აზოვის ზღვის ეს საპორტო ქალაქი, რომელიც უკრაინელთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, რუსეთის ჯარების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა მას შემდეგ, რაც ისინი 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის ჯარების პრიორიტეტულ სამიზნეთა შორის არის ქალაქის ორი მსხვილი მეტალურგიული ქარხანა.

მარიუპოლი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის სრულ კონტროლსაც ესწრაფვის რუსეთი. ქალაქს იცავს უკრაინის საზღვაო ქვეითთა და ჯარისკაცთა პოლკი „აზოვი“.

მასალაში, რომელიც კერძო კომპანია Maxar Technologies-მა გადაიღო თანამგზავრით 23 მარტსა და 3 აპრილს შორის და რომელიც „სხემიმ“ მოიპოვა, ჩანს თხრილი ათობით ვიწრო ორმოთი, რომლებიც გათხრილია სასაფლაოს მახლობლად მანგუშში. მარიუპოლიდან 20 კილომეტრზე მდებარე ეს ქალაქი რუსეთის ჯარების ხელშია.

თხრილი, რომელიც 300 მეტრზე უფრო გრძელია, 23 და 29 მარტს შორისაა გათხრილი. ამ დასკვნის საშუალებას იძლევა სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები.

მანგუშის ორი სატელიტური ფოტო. ერთ გადაღებულია 23 მარტს (მარცხნივ), მეორე - 29 მარტს. თხრილი, რომელიც სავარაუდოდ მასობრივი სამარხია, ამ ორ თარიღს შორის უნდა იყოს გათხრილი.
მანგუშის ორი სატელიტური ფოტო. ერთ გადაღებულია 23 მარტს (მარცხნივ), მეორე - 29 მარტს. თხრილი, რომელიც სავარაუდოდ მასობრივი სამარხია, ამ ორ თარიღს შორის უნდა იყოს გათხრილი.

უფრო გვიანდელ ფოტოზე, რომელიც 9 აპრილსაა გადაღებული, თხრილი გაფართოებულია.

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის სამხედროები გვამებს აგროვებდნენ ქუჩებში და ინდუსტრიულ მაცივრებში ინახავდნენ მათ. ამის შემდეგ ისინი სატვირთო მანქანებით გაზიდეს მასობრივ სამარხებში.

„რამდენი არის და როგორ დავითვალოთ? არ ვიცით. რამდენიმე ათასი უნდა იყოს... მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მაინც დავადგინეთ, მარიუპოლიდან სად გადაასვენეს ზოგიერთი მიცვალებული,“ თქვა ანდრიუშჩენკომ.

მარიუპოლის ქალაქის საბჭომ კი 21 აპრილს Telegram-ში გამოქვეყნებულ ცნობაში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა 3000-დან 9000-მდე ადამიანი დამარხეს.

მარიუპოლი რუსეთის ჯარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია თავისი მდებარეობის გამო. ზღვისპირა ქალაქის აღების შემთხვევაში რუსეთი მოიპოვებს ყირიმთან დამაკავშირებელ „სახმელეთო ხიდს“. უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა 2014 წელს ჩაიგდო ხელში და მისი ანექსია მოახდინა.

ამჟამად ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა ქერჩის სრუტეზე გამავალი 19-კილომეტრიანი ხიდი.

თავად ქალაქი თითქმის მთლიანად არის რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული. უკრაინის დარჩენილი მებრძოლები და სავარაუდოდ ათასამდე სამოქალაქო პირი „აზოვსტალის“ ქარხნის გვირაბებს აფარებს თავს.

როგორც 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერჰი ვოლინსკიმ უთხრა „სხემის“, ქარხანაში ვითარება კრიტიკულია. ისინი სურსათის, წყლისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიან.

21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარიუპოლზე გამარჯვება გამოაცხადა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა, შტურმით არ აიღონ „აზოვსტალის“ ქარხანა და სანაცვლოდ ბლოკადაში მოაქციონ ის.

მაგრამ ზელენსკიმ თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება. „მათ შეუძლიათ მხოლოდ გაახანგრძლივონ ის, რაც გარდაუვალია - ის დრო, როცა ოკუპანტებს მოუწევთ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია, კერძოდ მარიუპოლი, ქალაქი, რომელიც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობს მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ოკუპანტები ამბობენ.“

როგორც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა 22 აპრილს, პუტინის გადაწყვეტილება, დაბლოკოს „აზოვსტალი“, სავარაუდოდ მიუთითებს სურვილზე, რომ წინააღმდეგობა მარიუპოლში იქნეს შეკავებული.

ბრიტანეთის სამხედროების თქმით, დონბასში გრძელდება ძლიერი საარტილერიო ცეცხლი და რუსეთი ცდილობს, წინ წაიწიოს აღმოსავლეთ უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ საეჭვოა რუსეთის განცხადება მარიუპოლში გამარჯვების შესახებ.

XS
SM
MD
LG