აფეთქებების სერია და იმპერიული გეგმები - რა უნდა რუსეთს მოლდოვისგან?
უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის 61-ე დღიდან, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მოლდოვა.
25 აპრილს მომხდარ აფეთქებებს, უკვე 27 აპრილს მოჰყვა ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობები მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დაბა კალბასნაში, სადაც მასშტაბური სამხედრო საცავი მდებარეობს. ასევე 27 აპრილს აფეთქდა მნიშვნელოვანი ხიდი შავი ზღვის ყურე დნეპრის ლიმანზე, რომელიც ოდესის ოლქის ორ ნაწილს ერთმანეთს აკავშირებდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მოლდოვას რეალური საფრთხე ელის და მან დასახმარებლად მონათესავე რუმინეთსა და უკრაინას უნდა მომართოს.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა, ძალიან სწრაფად დაამარცხოს დნესტრისპირეთში მყოფი სამხედროები, თუკი კიშინოვი ასეთ ნებას გამოხატავს.
წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია
25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მან ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი ესაუბრებიან „ფალსიფიკაცია“ უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ ევტუშენკოვთან კომუნიკაცია მართლაც სთხოვეს.
ამ ეტაპზე ჩანაწერის ავთენტიკურობა დამტკიცებული არ არის, თუმცა მასში ნახსენები რამდენიმე დეტალი ნაწილობრივ ფიგურანტებმა დაადასტურეს.
"ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მართლაც მომმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორში. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და ის დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენლებს. მე მინდა მთავარი კითხვა დავსვა - აი, ამ ვითომ სკანდალის, რაიმე შედეგი დადგა? ნული, არავითარი გაგრძელება, დავით ხიდაშელის და თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია", - თქვა ღარიბაშვილმა.
ერთი დღით ადრე თავად სანქცირებულმა რუსმა ბიზნესმენმა ქართულ მედიას დაუდასტურა, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში და პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა. საუბარია ალი უზდენოვზე, ევტუშენკოვის მფლობელობაში მყოფ კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტზე, რომლის გამოგზავნის შესახებაც ის ბიძინა ივანიშვილს აუდიოჩანაწერში ესაუბრება. თუმცა ევტუშენკოვმა „ფორმულას“ უთხრა, მისმა წარმომადგენელმა და პრემიერმა "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ღარიბაშვილი: დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, აი, ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა
- ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საფუძვლებზე საუბრობს
ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კვლევას აქვეყნებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლავ აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კვლავ აქვს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველო რუსეთთან ეკონომიკურად დამოკიდებულია და ეს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად ძლიერია ქართული მმართველი ელიტის წარმომადგენელთა ინტერესები რუსეთში. სწორედ ამ კონტექსტში აქვს "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესსაქმიანობა შესწავლილი.
კვლევაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალს და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ ავტორი ანნა კუვიჩკოა. "ეს თავად ივანიშვილის ბიზნესინტერესებად შეიძლება განვიხილოთ", - აღნიშნავენ მკვლევრები.
IRI: მოსახლეობის 31% თვლის, რომ არც ერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის მესამედი, 31% თვლის, რომ მის ინტერესებს დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. მოსახლეობის 35% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს მათ ინტერესებს, 30% კი ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც სრულად მისი ინტერესების გამტარია პოლიტიკაში.
ამავე კვლევის თანახმად:
- ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას (40%) და მაღალ ფასებს (18%) მიიჩნევს.
- ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს 54%, აშშ-ს - 53%, ხოლო უკრაინას - 45%. 4% ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის რუსეთია.
- კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია.
- მოსახლეობის 14% ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სახელი არ სმენია.
კვლევის შედეგებს გაეცანი რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
"მესამე სართულიდან ჩამორბოდა, ახლა მარტოს ჩამოსვლაც უჭირს" - სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ დამძიმდეს
„მნიშვნელოვნად გაუარესებული“, - ასე აღწერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი. კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი - ანორექსიაა.
ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, იანვრის ვიზიტის შემდეგ, ექიმებს სააკაშვილი შესამჩნევად დასუსტებული დახვდათ. მას აქვს დეპრესია, აუტანლობის მიზეზით უარს ამბობს ცილოვან პროდუქტებზე, ჭამს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს და ერთ თვეში დაკლებული აქვს 8 კილო. ექიმი ამბობს, რომ ციხეში ჩატარებული მკურნალობა ექსპრეზიდენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო მასშტაბებს ვერ გასწვდება.
წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
პუტინი დასავლეთს "ელვისებური დარტყმებით" დაემუქრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუკი ვინმე „გარედან“ ჩაერევა უკრაინის სიტუაციაში და რუსეთს შეუქმნის სტრატეგიული ხასიათის მიუღებელ საფრთხეს, რუსეთი „ელვისებურ დარტყმებს“ განახორციელებს.
სანქტ-პეტერბურგში კანონმდებელთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მუქარის შემთხვევაში ელვისებური დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია.
პუტინმა დარტყმებს უწოდა „საპასუხო-შემხვედრი“. ეს ტერმინი სამხედრო დოქტრინებში იხმარება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. საპასუხო-შემხვედრი არის ისეთი დარტყმა, რომელსაც ახორციელებენ მაშინ, როცა მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმა დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ამას ჯერ არ მიუყენებია დამცველი მხარისთვის არსებითი ზარალი (მაგალითად, მოწინააღმდეგის მიერ სტრატეგიული რაკეტების გაშვების შემთხვევაში, მაგრამ მანამდე, სანამ ისინი მიზანს მიაღწევენ).
პროკურატურამ თითქმის 8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 კაცს ბრალი წაუყენა
2022 წლის 18 სექტემბერს 8 წელი გავა მას შემდეგ, რაც საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა. პროკურატურამ თითქმის რვა წლის შემდეგ წაუყენა სამ კაცს ბრალი ჯგუფურად სქესის ნიშნით ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისთვის.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ, სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს", - აღნიშნულია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდების მიხედვით, 2014 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავისუფლება აღუკვეთეს და შემდეგ სოფლის ცენტრში, მოსახლეობის თანდასწრებით დაამცირეს.
რა საერთო აქვთ ჰიტლერის გერმანიას და პუტინის რუსეთს?
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააცოცხლა მეორე მსოფლიო ომის ტერმინოლოგია. სამხედრო ანალიტიკოსების ლექსიკაში კვლავ გაჩნდა სიტყვა „ბლიცკრიგი“ და ელვისებური ომის დოქტრინა. ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ცნობილია, თუ რა ვადებში აპირებდა ადოლფ ჰიტლერი ომის დასრულებას. მართალია, ჯერ ოფიციალურად უცნობია, როგორი ომი დაგეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ პუტინიც ბლიცკრიგისა და ელვისებური ომის იმედად იყო.
არგუმენტად გამოდგება თუნდაც 26 თებერვალს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ საიტზე გამოქვეყნებული და მალევე წაშლილი სტატია („რუსეთისა და ახალი სამყაროს იერიში“), რომელიც ასე იწყებოდა: „ახალი სამყარო იბადება ჩვენ თვალწინ“. და შემდეგ გრძელდება: „...ეს პრობლემა აღარ არსებობს - უკრაინა დაუბრუნდა რუსეთს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდირება მოხდება, მაგრამ ის გადაეწყობა, გადაფუძნდება და დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას რუსული სამყაროს ნაწილის სახით“.
ცნობილია, რომ ასეთი ტექსტები გამარჯვების შემდეგ იწერება ან როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ელვისებური ომის დოქტრინის ჩავარდნის გარდა სხვაც ბევრი აქვთ საერთო 1941 წლის ჰიტლერის გერმანიას და 2022 წლის პუტინის რუსეთს.