Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და „ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა მერიის თანამშრომლები დაადანაშაულა „კონსერვატიულ მოძრაობასთან" (საზოგადოებაში „ალტ-ინფოს" სახელითაა ცნობილი) თანამშრომლობაში.

„ოზურგეთი არის ეპიცენტრში „ალტ-ინფოს" წყალობით, რომელმაც გადაწყვიტა ოზურგეთში ოფისის გახსნა, ამ დროს თქვენი მერიის თანამშრომლები, აღმოჩნდა, რომ პარალელურად არიან „ალტ-ინფოში" დასაქმებულები. დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნების" აქტივისტები, აგრეთვე, გაწევრიანებული არიან კონკრეტულად „ალტ-ინფოში". თქვენ ემიჯნებით თუ არა ავთანდილ თალაკვაძის [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის] მოღალატეობრივ საქციელს?" - მიმართა ნიკოლაიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნების" წევრმა ქეთევან ხომერიკმა ტრიბუნასთან მყოფ კოლეგასთან მიიტანა სანდრო გირგვლიანის, 2007 წლის 7 ნოემბრის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოები. „რომელი პარტიის წევრი გველაპარაკება დღეს. ვინ იყო სანდრო გირგვლიანი?! მინდა გაგახსენოთ 7 ნოემბერი. ხალხო, იცოდეთ, ამ ხალხს უნდა ომი, - განაცხადა ხომერიკმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით და დაამატა, - რაც ივანიშვილმა გააკეთა, ნეტავ თქვენმა პარტიამ გააკეთოს".

მალევე სხდომაზე შეხლა-შემოხლა გაჩაღდა ამავე პარტიებიდან საკრებულოს სხვა წევრებს შორის.

საკრებულოს დღის წესრიგში კი ყველაზე სადავო საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციაა, რომელიც, სავარაუდოდ, 35 თანამშრომელს შეეხება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის მიზანი თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაა, რადგან ისინი არ იყვნენ მოქმედი მერის მხარდამჭერები.

XS
SM
MD
LG