Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინელების ტანჯვა გულს გვიკლავს, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ ვიტყვით" - Z სიმბოლოები გალის მილიციის მანქანებზე


საგზაო მილიციის მანქანა გალში Z სიმბოლოთი
საგზაო მილიციის მანქანა გალში Z სიმბოლოთი

ენგურის ხიდის გადასაკვეთად და სახლში, გალში მოსახვედრად, თუ აქამდე აფხაზური საბუთი არ უნდა დამვიწყებოდა და წასვლამდე სულ მცირე სამჯერ მაინც ვამოწმებდი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ ის მიტრიალებს თავში, შემთხვევით რამე უკრაინის სიმბოლოებით არ გამყვეს.  

ახლობლებმა, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, სპეციალურად გამაფრთხილეს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ნებისმიერი პატარა ნიშანიც კი აფხაზეთში და მათ შორის გალშიც დიდ პრობლემებს შემიქმნის.

ადგილობრივები მიყვებოდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე გალის საგზაო მილიციამ (გაი-მ) რუსეთის ჯარის მხარდამჭერი Z სიმბოლოებით დაიწყო პატრულირება.

სტანდარტული კითხვების შემდეგ: "ბოლოს როდის იყავი აქ? სად ცხოვრობ? საქართველოში რას აკეთებდი? ახლა სად მიდიხარ?" - ენგურის ხიდი საღამოს 7 საათისთვის ბინადრობის მოწმობით გადავკვეთე.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე, რომელსაც რუსები და აფხაზები ერთობლივად აკონტროლებენ, რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლოები არ შემინიშნავს.

მაგრამ, გალში შესვლისთანავე ქალაქის ცენტრში პირველი სწორედ Z-ით მოსიარულე მილიციის მანქანები შემხვდა.

საგზაო მილიცია Z სიმბოლოთი გალის ცენტრალურ ნაწილში
საგზაო მილიცია Z სიმბოლოთი გალის ცენტრალურ ნაწილში

ეს გამონაკლისი არ ყოფილა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაი-ს კუთვნილი ყველა მანქანა გალში იმავე სიმბოლოთი დადის.

მილიციის გარდა, გალში Z სიმბოლოთი რუსული სანომრე ნიშნით სამოქალაქო პირის მანქანაც შევამჩნიე, რომელიც, სავარაუდოდ, ან რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტს, ან აფხაზეთში მცხოვრებ რომელიმე რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა, მაგალითად, რუს სამხედროს ან მის ოჯახის წევრს.

გალის რაიონი, რუსულნომრიანი მანქანა Z ნიშნით
გალის რაიონი, რუსულნომრიანი მანქანა Z ნიშნით

აქ მცხოვრები ყველა რესპონდენტი ანონიმურობის დაცვის პირობით მელაპარაკება. უკრაინაში მიმდინარე ომზე საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის ადგილობრივებს ეშინიათ. ვერც საჯარო სივრცეში და ვერც ფეისბუკზე ქართველები უკრაინის მხარდამჭერ მოწოდებებს ვერ გამოაქვეყნებენ.

"უკრაინის ამბების შემდეგ ტელევიზორს ვერ ვწყდებით. ყველა საათის საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებთ მე და ჩემი ქმარი. გარეთ ჩვენს აზრს ვერ ვაფიქსირებთ, გვეშინია, ვინმემ სადმე ენა არ მიიტანოს და პრობლემები არ შეგვექმნას. ჩემმა ერთმა თანასოფლელმა ქალმა ფეისბუკში უკრაინის მხარდამჭერი დროშა გამოფინა და ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ადგილობრივმა უშიშროებამ დაკითხვაზე დაიბარა, ქმარსაც პრობლემები შეექმნა ამის გამო. ვიღაცეები რომ არ ჩარეულიყვნენ, ცუდად დასრულდებოდა საქმე", - მეუბნება ნონა, გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან.

აპრილის დასაწყისში, აფხაზეთში 20-ზე მეტმა სამოქალაქო აქტივისტმა უკრაინაში ომის წინააღმდეგ საჯარო მიმართვა გაავრცელა.

"ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი. გლობალურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ყოველდღიურად მატულობს, უკვე გააუარესა თითქმის მთელ პლანეტაზე ცხოვრების ხარისხი. ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს ბირთვული ომი, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ყველა ჩვენგანისთვის", - ეწერა მიმართვაში.

7 აპრილს აფხაზეთში სამოქალაქო აქტივისტმა ლიანა კვარჩელიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ მიმართვის ხელმომწერები უშიშროების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარეს.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, თუმცა რამდენიმე დღეში ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

გალი, კონფედერატების ქუჩა
გალი, კონფედერატების ქუჩა

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში, ქალაქის გარდა რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ, მათ შორის, თუ საჭიროდ ჩათვლიან, საბუთებს უმოწმებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

"რაც აქ 1992-93 წლებში ხდებოდა, იმავეს აკეთებს რუსეთი უკრაინაშიც. პუტინს ტერიტორიები კი არ სჭირდება, მას მიწები ისედაც საკმარისი აქვს, მონები უნდათ, ამიტომაც არ ჩერდებიან", - მეუბნება 69 წლის ზვიადი.

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი, Пятнашки-ს ბრიგადის მეთაური, ზედმეტსახელად "აფხაზი", იგივე ახრა ავიძბა ჯერ კიდევ მარტში ამბობდა, რომ აფხაზი მოხალისეები უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჩადიან.

გალის ცენტრალური ნაწილი. წარწერა "კულტურის სახლზე": "რუსეთის არმია, ჩვენ ერთად ვართ"
გალის ცენტრალური ნაწილი. წარწერა "კულტურის სახლზე": "რუსეთის არმია, ჩვენ ერთად ვართ"

ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის კონტრაქტორები კი უკრაინის საბრძოლო ზონაში გადაიყვანეს.

უკრაინაში რუსეთის ომი გალის ბაზარსაც დაეტყო. მაგალითად, ზეთი 200 რუბლი (₾8) გახდა, ფასმა 2 ლარით მოიმატა. შაქარი - 100 რუბლი (₾4), ანუ კილოგრამი ერთი ლარით გაძვირდა.

გალი, კონფედერატების ქუჩა
გალი, კონფედერატების ქუჩა

"ბოსტნეულიც გაძვირდა. კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი. 100-გრამიანი ყავა 60 რუბლი ღირდა და 100-120 რუბლი გახდა. სიგარეტიც გაძვირდა, 20-30 რუბლით მეტია უკვე. საშუალო შეკვრა 450 რუბლი რაც ღირდა, ახლა 480 ღირს", - ამბობს ია.

გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დამძიმდა. 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, ეთნიკურ ქართველებს ჯერ აფხაზეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, შემდეგ კი აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს და მათზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების განკუთვნილი ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყეს.

"პატარა დაჩივლებაზეც მაშინვე გვეუბნებიან: პრეტენზიები ენგურს იქეთ, საზღვარი ღიაა, არავინ გაკავებთ აქ. ცხოვრება არ ჰქვია ჩვენს აქ ყოფნას. ჩვენს სახლებში და მიწაზე ვცხოვრობთ მხოლოდ, სხვაგან რა ვაკეთო. ხომ ხედავთ, დევნილები დღემდე როგორ პირობებში ცხოვრობენ იქეთ [ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე]. მაინც აქაური წვალება მირჩევნია, რა ვქნა. ასეა თუ ისე, ჩემს სახლში მაინც ვარ, ჯერჯერობით", - ამბობს გელა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკის კომიტეტის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, აფხაზეთში 46 905 ქართველი ცხოვრობს, აქედან 30 268 - გალის რაიონში, თუმცა გალელ მოსწავლეებს სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლა დღემდე ეკრძალებათ.

რაიონის სკოლებში სწავლა რუსულად მიმდინარეობს. ქართული, როგორც უცხო ენა, გალის სკოლებში მხოლოდ ერთ საგნად, კვირაში ორი საათი ისწავლება.

"Oi u luzi chervona kalyna - ჩვენ ხომ ვიცით ეს სიმღერა თავიდან ბოლომდე, ლიკა? ხომ ვიცით? ვიცით, მაგრამ ახლა ერიდება და შენთან არ მღერის", - მეუბნება 29 წლის გიორგი და 6 წლის ძმისშვილს აფრთხილებს: "ეს სიმღერა შემთხვევით სკოლაში არ იმღერო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG