Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირი დამნაშავედ ცნო


ფოტო არქივიდან: საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა, 26 აგვისტო, 2021 წელი
ფოტო არქივიდან: საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა, 26 აგვისტო, 2021 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 2021 წლის აგვისტოში, პანკისის ხეობის სოფლებში - დუისსა და ქორეთში დაკავებული ხუთი პირი.

პროკურორის, მალხაზ კაპანაძის განცხადებით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის გამოძიებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე.

“ახლადგაწევრიანებული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას, რაც დროულად აღიკვეთა საქართველოს პროკურატურისა და კონტრტერორისტული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთობლივი მოქმედებებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 4 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ”, - თქვა პროკურორმა.

2021 წლის 24 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ქორეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა 5 პირი დააკავა. სუსის ვერსიით, დაკავებულთაგან 4 პირი - რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გააწევრიანა მეხუთე დაკავებულმა, უსუფ ცათიაშვილმა. როგორც სუსი ამბობს, ყველა მათგანი გეგმავდა სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

დაკავების დროს სამი პირი 18 წლის, ერთი - 19-ის, ხოლო ყველაზე უფროსი, უსუფ ცათიაშვილი, 38 წლის იყო.

პანკისელი ახალგაზრდების დაკავებიდან რამდენიმე დღეში, გამოძიებამ ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა, რომლითაც ირკვეოდა, რომ დაკავებულებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიციც დადეს.

იმ პერიოდში დაკავებულთა ახლობლები ბრალდებას აბსურდულს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. თავად დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი არ აღიარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG