რუსეთმა გამოაცხადა დანიის საელჩოს შვიდი თანამშრომლის გაძევების შესახებ. ეს პასუხია კოპენჰაგენის მიერ ოთხი კვირის წინ გამოცხადებულ ანალოგიურ ნაბიჯზე.
„მათ ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ ქვეყანა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 მაისს, ზუსტად ერთი თვის მერე მას შემდეგ, რაც კოპენჰაგენმა თქვა, რომ სურს „მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს მოსკოვს, რომ არ შეეგუება იმას, რომ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები დანიის ტერიტორიაზე ჯაშუშობდნენ.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მან ვიზაზე უარი უთხრა დანიის დიპლომატიურ მისიაში მომუშავე დიპლომატს და რომ „ვიტოვებთ უფლებას, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ კოპენჰაგენის მტრული მოქმედებების საპასუხოდ, რასაც მოგვიანებით შევატყობინებთ დანიის მხარეს.“
ევროპისა და მსოფლიოს ათობით ქვეყანამ გააძევა რუსეთის დიპლომატები და საელჩოების თანამშრომლები მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.