Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზოვსტალზე" შტურმი გრძელდება


მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია. 2022 წლის 5 მაისი
მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია. 2022 წლის 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 6 მაისს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ „აზოვსტალის“ რაიონში მყოფი უკრაინის თავდაცვის ძალების ბლოკირებას, ცალკეული მიმართულებებით კი, ავიაციის დახმარებით განახლდა შტურმი ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ძირითადი სამხედრო ძალები სწორედ "აზოვსტალის" რაიონში რჩებიან და ქარხანაზე ავიადარტყმებს განაგრძობენ. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის არმიის სახმელეთო ქვედანაყოფების უმრავლესობამ მარიუპოლიდან ჩრდილოეთით გადაინაცვლა.

„აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა 5 მაისს, ტელეგრამ-არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა კრიტიკულ სიტუაციაზე შესაბამისი რეაგირებისა და დაჭრილებისა და „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირების ევაკუაციისკენ.

5 მაისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო პირებს უნდა უბრძანოს იარაღის დაყრა და დანებება.

უკრაინის ხელისუფლების და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა 3 მაისიდან განაახლეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს არა შტურმს, არამედ "საცეცხლე წერტილებზე უკრაინელი სამხედროების გასვლის მცდელობის აღკვეთას".

ბოლო დღეებში, გაერომ და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა" შეძლეს მარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია. მათ შორის ბავშვების, ქალების და მოხუცების, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ "აზოვსტალის" გვირაბებს. მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე რჩება, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე. "აზოვსტალში" არიან დაჭრილი სამხედროებიც. ქარხნის ტერიტორიაზე რჩება დაღუპულთა გვამებიც.

4 მაისს, ბოლო ორ კვირაში მეორედ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლქვეშაა.

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, მარტის დასაწყისში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG