Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი კრძალავს ხორბლის ექსპორტს


უკრაინასთან რუსეთის ომისა და მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე, ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს. ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია CNN-ი.

მათი ცნობით, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემულია შეუქცევადი აკრედიტივი. ხორბლის ექსპორტი დასაშვები იქნება იმ ქვეყნებში, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული.

ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარენ.

ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.

სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების დაახლოებით 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.

ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 13 მაისის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება.

მათი განცხადების თანახმად, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. სამინისტროს მიხედვით, ქვეყანაში მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით. ხორბლის დეფიციტის თაობაზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG