Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის ფიცის დადებისას, ორბანი გამოდის გაფრთხილებით უნგრეთში რეცესიის და სხვა პრობლემების შესახებ


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 16 მაისს გამოვიდა გაფრთხილებით არასტაბილურობის ეპოქის და ევროპაში ომის შესახებ, მას მერე, რაც არჩევნებში მისი პარტიის, "ფიდესის" გამარჯვების ფონზე ის ეროვნულმა საბჭომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია.

ორბანი მეოთხე ვადით გახდა პრემიერი. მან ფიცის დადების დროს განაცხადა, რომ ქვეყანა ომის ათწლეულის და რეცესიის საფრთხის წინაშეა, თუმცა დასძინა, რომ დაიცავს სამუშაო ადგილებს, ოჯახების შემწეობებს და პენსიებს.

"ეს იქნება საფრთხეების, არასტაბილურობის და ომების ათწლეული", - თქვა მან თავის გამოსვლაში.

უკრაინაში ომმა და მის პასუხად დაწესებულმა ევროპულმა სანქციებმა შედეგად მოიტანა ენერგიის კრიზისი და ინფლაცია, რაც, ორბანის აზრით, გამოიწვევს "რეცესიის პერიოდს და ეკონომიკურ ვარდნას".

ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ჩივილი, რომ ბრიუსელი "ძალაუფლებას გადაჭარბებით იყენებს" წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეკვეცით, თუმცა დასძინა, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში უნგრეთის ადგილი ევროკავშირშია.

ორბანმა ასევე თქვა, რომ უნგრეთი არ შეუშლის ხელს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესებას, თუ ეს სანქციები საფრთხეს არ შეუქმნის უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ორბანს ევროკავშირთან აზრთა უთანხმოებები ჰქონდა, მათ შორის ლგბტ ადამიანთა უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებზე - თუმცა პრემიერ-მინისტრის ფიცის დადებისას მან თქვა, რომ უნგრეთის, როგორც ნატოს წევრის მნიშვნელობა არასოდეს ყოფილა დღევანდელივით ცხადი.

XS
SM
MD
LG