თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც თურქეთი ეწინააღმდეგება ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას. ერდოანი უკმაყოფილოა ამ ქვეყნების პოზიციით ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებებისადმი, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“ ინფორმაციით, 16 მაისს, ალჟირის პრეზიდენტთან ანკარაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას, რადგან მათ არ აქვთ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ და თურქეთს სანქციებს უწესებენ. 2019 წელს, თურქეთის მიერ სირიაში, ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სანქციები დაუწესეს თურქეთისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდებას.
პრეზიდენტი ერდოანი გამოეხმაურა ფინეთის და შვედეთის განზრახვას, ნატოს წევრობის საკითხის განსახილველად ანკარაში მიავლინონ ოფიციალური დელეგაციები. როგორც ერდოანმა თქვა, ნუ ეწყინებათ, მაგრამ ტყუილად გარჯა არ ღირს.
ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებაზე, წარადგინონ ნატოს წევრობის განაცხადი, 16 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ესაუბრა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მან ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთი ღირებული მოკავშირეა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეშფოთებას განხილვა სჭირდება. ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ამ ისტორიულ მომენტში ერთად უნდა დადგნენ.
16 მაისს, შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნატოში შესვლის განაცხადს წარადგენს. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი დარწმუნებულია, რომ შვედეთის მოსახლეობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. როგორც ანდერსონმა თქვა, შვედეთი ერთი ეპოქიდან მეორეში გადადის და ნატო ის ადგილია, სადაც ქვეყანა დაცული იქნება. ერთი დღით ადრე, 15 მაისს ნატოში შესვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა ფინეთმა.
ევროკავშირის წევრმა შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც წლებია ნატოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, თუმცა, ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, ალიანსის წევრობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათ მიღებას ნატოს 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 მაისს განაცხადა, რომ ფინეთის და შვედეთის ხარჯზე ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან პრობლემა არ აქვს. ამასთან, კრემლში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე პუტინმა თქვა, რომ ფინეთის და შვედეთის ტერიტორიებზე ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოებას რუსეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
დაწერეთ კომენტარი